„სიკვდილიანობა იზრდება, ხოლო შობადობა მცირდება - აუცილებელია შობადობის წახალისება“- ამბობს დემოგრაფი მერაბ ხმალაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.
ექსპერტის თქმით, 2021-2022-2023 წლებში, საქართველოს მოსახლეობა კლებისკენ წავიდა, ვინაიდან შობადობა შემცირდა, ხოლო სიკვდილიანობა გაიზარდა. რეგიონების მიხედვით, ზრდა მხოლოდ აჭარაში, თბილისსა და ქართლის რეგიონში ფიქსირდება, ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანი საქართველოს მოქალაქეები მრავლდებიან.
„ზოგადად, წინა წლებში, ახალი თაობა, მშობლების რაოდენობასთან შედარებით, თანაბარი რაოდენობით იბადებოდა. ფაქტობრივად შობადობის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ დონეზე იყო, მაგრამ ბოლო წლებში სიკვდილიანობა გაიზარდა და შობადობა შემცირდა. ახალი თაობა 2021-2022-2023 წლების მონაცემებით, მშობლების თაობასთან შედარებით, 90%-ია, ესე იგი, 10%-ითაა შემცირებული“, - ამბობს მერაბ ხმალაძე.
მოსახლეობის კლების მიუხედავად, დემოგრაფი გამოყოფს იმ რამდენიმე დადებით ტენდენციას, რომელიც ბოლო წლებში შეინიშნება. პირველ რიგში, ეს შეეხება ჩვილთა და 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას და საშუალო სიცოცხლის მაჩვენებლის გაზრდას.
„საბჭოთა კავშირის შემდეგ, ძალიან გაიზარდა ჩვილთა სიკვდილიანობა, რაც პირდაპირ კავშირში იყო ცხოვრების დაბალ დონესთან და ჯანდაცვის სექტორის განუვითარებლობასთან, მაგრამ ეს მაჩვენებელი ბოლო წლებში სრულად გამოსწორდა და ფრიად შემცირებულია. ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოში ახლა ძალიან მაღალია საშუალო სიცოცხლის მაჩვენებელი. ეს დაახლოებით 74 წელია და ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს“, - განაცხადა მერაბ ხმალაძემ.
დემოგრაფის აზრით, ქვეყანაში აუცილებელია სპეციალური დემოგრაფიული პოლიტიკის გატარება, რომელიც მიმართული იქნება როგორც შობადობის გაზრდის, ისე სიკვდილიანობის შემცირებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობა ეტაპობრივად ძალიან შემცირდება.
„ჩემი აზრით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში ისეთი დემოგრაფიული პოლიტიკა გატარდეს, რომელიც მიამრთული იქნება შობადობის გაზრდისა და სიკვდილიანობის შემცირებისკენ. ეს კომპლექსური და მრავალპროფილურ პროცესია, რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, დემოგრაფიულ და სოციალურ სექტორებს. თუ შევამცირებთ იმ ტენდენციას, რომ შრომით ასაკში, 20-65 წლამდე 6 წლით ნაკლებს ცოცხლობს ადამიანი და ამ მაჩვენებელს 2 წლამდე დავიყვანთ, მილიარდობით ლარის ეროვნულ შემოსავალს მივიღებთ.
საბოლოოდ, ამას ძალიან დიდი თანხები სჭირდება. ერთი ვარიანტია შობადობის წახალისება და ოჯახებისთვის თანხების დარიგება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკას სხვა ქვეყნებში დიდი შედეგი არ გამოუღია, საქართველოში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, შესაძლებელია დადებითი ეფექტი ჰქონდეს. შვილის გაჩენა არ უნდა ასოცირდებოდეს ოჯახის ფინანსურ კრიზისთან, პირიქით.“, - აღნიშნა მერაბ ხმალაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.