სიახლე ათასობით კურსდამთავრებულს შეეხება - ვის და როდიდან შეეძლება ანაზღაურებადი სტაჟირების  გავლა?

სახელმწიფო სტრუქტურებში სტუდენტების ანაზღაურებადი სტაჟირებები უკვე წელს დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში წელს 2-3 ათასი კურსდამთავრებული შეძლებს სარგებლობას.

დეტალებზე, თუ როდიდან და როგორ მოხდება სტუდენტების მიღება სხვადასხვა უწყებებში განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„კანონის მოთხოვნა არის, რომ უნდა იყვნენ კურსდამთავრებულები, შესაბამისად, ვინც წელს ამთავრებს უნივერსიტეტს და ზაფხულის პერიოდში უკვე დაასრულებს სრულად სწავლას შეეძლება მონაწილეობა.

ზაფხულის პერიოდშივე დაიწყება შესაბამისი კონკურსები, რათა მიმდინარე წლის უკვე სექტემბრიდან შეძლონ სტაჟირების გავლა. ეს ეხება ყველა სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მოქმედ სსიპ-ებს და საქვეუწყებო დაწესებულებებს, ასევე ყველა მუნიციპალიტეტს.

უახლოეს პერიოდში ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შევკრებთ იმ ადგილებს, რისი დასაქმების შესაძლებლობაც არის. ვფიქრობთ, ეს 2-3 ათასის ფარგლებში იმერყევებს. შესაძლებელია მოთხოვნა მეტი იყოს, მაგრამ ჩატარდება კონკურსი, იქნება უწყებათაშორისო კომისია და ასე შეირჩევიან კანდიდატები. ჩვენთვის, მნიშვნელოვანია წავახალისოთ ის ადამიანები, ვისაც შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის სჭირდება წახალისება,“- აღნიშნა ამილახვარმა.

თაია არდოტელი