მიხეილ ლომთაძის კუთვნილი ყაზახური ონლაინ ბანკი და მარკეტპლეისი, Kaspi.kz მიმდინარე წლის 25 მარტისთვის ლონდონის საფონდო ბირჟიდან თავისი აქციებისა და გლობალური დეპოზიტარი ქვითრების (GDRs) დელისტინგს განახორციელებს. განცხადებას თავად კომპანია ავრცელებს.
ლონდონის საფონდო ბირჟიდან აქციების გატანის გადაწყვეტილებას კომპანია ვაჭრობის დაბალი მოცულობით განმარტავს. ამასთან, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგის შენარჩუნებასთან დაკავშირებული მართვის ხარჯები არაპროპორციულად მაღალი იყო.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე Kaspi.kz-ის აქციები 2020 წლის 16 ოქტომბრიდან ივაჭრებოდა. IPO-ს დღეს კომპანიის ერთი აქცია 42,25 დოლარი ღირდა, ხოლო ლონდონის ბირჟაზე დალისტვიდან ერთ წელიწადში კომპანიის აქციების ღირებულებამ მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. კერძოდ, 2021 წლის 29 ოქტომბერს ერთი აქციის ფასი 145 დოლარი იყო. თუმცა მოგვიანებით ფასი მკვეთრად შემცირდა. კომპანიის აქციაზე ყველაზე დაბალი ფასი, 38,35 დოლარი 2022 წლის 3 აპრილს დაფიქსირდა.
მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Kaspi.kz-მა IPO აშშ-ის უდიდეს ტექნოლოგიურ ბირჟაზე, NASDAQ-ზე გამართა, რომელიც შეერთებულ შტატებში გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დიდი, ხოლო 2024 წელს ერთ-ერთი პირველი IPO იყო.
ამერიკის ტექნოლოგიურ ბირჟაზე IPO-ს განხორციელების შემდეგ kaspi.kz-ს საბაზრო ღირებულებამ 17,95 მლრდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე ძვირი კომპანია 2021 წლის 29 ოქტომბერს ღირდა, როცა მისი საბაზრო ღირებულება 27,24 მლრდ დოლარს შეადგენდა.
თებერვლის შუა რიცხვებში Kaspi-ბანკმა, რომელიც ჯგუფ Kaspi.kz-ის წევრია, ყაზახეთის საფონდო ბირჟას აცნობა, რომ ობლიგაციების დავალიანება სრულად დაფარა. ამასთან, Kaspi-ბანკმა გასულ წელს სუფთა მოგების მნიშვნელოვანი, 31,4%-იანი ზრდა აჩვენა. რუსეთის მეზობელი ქვეყნების სანდო ბანკების რეიტინგში Kaspi.kz-მა 2023 წელს მეოთხე ადგილი დაიკავა.
დღეის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის 23%-ს ვიაჩესლავ კიმი, ხოლო მიხეილ ლომთაძე 25%-ს ფლობს. 28% Baring Vostok Capital Partners-ში შემავალი ფონდის მფლობელობაში, ხოლო 21% თავისუფალ მიმოქცევაშია.
მიხეილ ლომთაძე Kaspi.kz-ს 2008 წლიდან ხელმძღვანელობს. ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 657-ე პოზიციაზეა. მისი ქონება 4.5 მლრდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო Forbes-ის რეიტინგში შესვლისას, ანუ 2021 წელს ლომთაძის ქონება 3.2 მლრდ დოლარს შეადგენდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ