რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.
ბენზინის ექსპორტის დროებითი აკრძალვის წინადადებით რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვიცეპრემიერ ალექსანდრ ნოვაკმა 21 თებერვალს წერილობით მიმართა. ის წერს, რომ მალე შიდა ბაზარზე საწვავზე გაზრდილი მოთხოვნის სეზონი დაიწყება, რაც საგაზაფხულო საველე სამუშაოებთან, გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილ რემონტთან და საზაფხულო შვებულებებთან არის დაკავშირებული.
„იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნილება შემცირდეს, აუცილებელია ზომების მიღება ნავთობპროდუქტების შიდა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის,“ - წერს ნოვაკი.
AI-92 და AI-95 ბენზინზე, ასევე, ზაფხულის დიზელის საწვავზე საბირჟო ფასები წლის დასაწყისიდან 8–23%-ით გაიზარდა. საბითუმო სეგმენტში ბენზინზე ფასების უფრო დაბალი, 1,6-6%-იანი ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო დიზელი 0,1%-ით გაიაფდა.
რუსეთის მთავრობამ საწვავის ექსპორტი გასულ წელსაც აკრძალა. კერძოდ, სექტემბერში მინისტრთა კაბინეტმა საბითუმო ფასების მკვეთრი ზრდის გამო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებითი აკრძალვა შემოიღო, რაც ნოემბერში მოიხსნა. მაშინ ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორ თვეში შიდა ბაზარზე საწვავის ჭარბი რაოდენობა შეიქმნა და საბირჟო ბენზინის საბითუმო ფასი საგრძნობლად დაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ