რუსთაველის გამზირზე, ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის ტერიტორიაზე, 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
როგორც არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდიდან ირკვევა, მშენებლობაზე ნებართვა გასული წლის ბოლოს გაიცა. არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიის მიწის ნაკვეთის ფართობი 3 493კვ.მეტრს შეადგენს.
ტერიტორიაზე იგეგმება 10-სართულიანი, დაახლოებით 194-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა.
„არქიტექტურული თვალსაზრისით საპროექტო შენობა წარმოადგენს 10 სართულიან ნაგებობას. აქედან 3 სართული იქნება მიწის ქვეშ, სადაც მოეწყობა საპარკინგე სივრცე (2 სართულზე) და კაზინო. 0.00 ნიშნულზე მოეწყობა კომერციული სავაჭრო ფუნქციის ფართები ხოლო +2.70 ნიშნულზე მოეწყობა სასტუმრო ფოე და შესასვლელები. ამავე ნიშნულზე აიწევს ეზოს (გრუნტის) სიმაღლე სხვა დანარჩენ ნიშნულებზე მოეწყობა სასტუმროს ნომრები, საუბარია, დაახლოებით 194 ნომერზე,“- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
პროექტის განხორციელებას შპს „მარილი 2020“ გეგმავს, რომლის 100%-იანი წილის Georgian Airways-ის მფლობელს თამაზ გაიაშვილს ეკუთვნის.