ერთი ტომარა ფქვილის ფასი 48-50 ლარის ფარგლებში მერყეობს - ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც სილაგავამ აღნიშნა, ფქვილზე ფასი „სერიოზულად“ დავარდა. მისივე განმარტებით, გასულ წელს ფქვილის ფასი 65 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
„1 ტომარა ფქვილის ფასია 48-დან 50 ლარის ფარგლებში, რაც ძალიან სერიოზული ვარდნაა ფქვილზე, შარშან მაგალითად, 65 ლარიც ღირდა. წისქვილკომბინატები მივუყვებით იმ ტრენდს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა. მსოფლიოში არის საკმაოდ დიდი მოსავალი და ჩვენც დიდ მოსავალს ველოდებით, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც. ამ მხრივ გამოწვევებს არ ველოდებით. რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური მხარეები არ ჩაერია, იმიტომ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვაჭრობას და რუსეთმა არაერთი ღონისძიება გაატარა საერთაშორისო ბაზარზე. მაგალითად ხორბლის დერეფნიდან გამოვიდა“, - განაცხადა სილაგავამ.