„ტესლას“, „პრადოს“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“

„ტესლას“, „პრადოს“, „ლენდ კრუიზერის“ მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრის გადაცემაში „თქვენი დრო“ ტაქსის მძღოლმა და აქტივისტმა ზურაბ ბუნტურმა განაცხადა.

მისი თქმით, ტაქსის ინდუსტრიას საქართველოში მრავალი პრობლემა აქვს, რომელიც გამოხატულია როგორც მუნიციპალურ, ისე სააპლიკაციო დონეზე.

ბუნტური ამბობს, რომ „ტესლას“, „პრადოს“ და სხვა ძვირა ღირებული მანქანების მფლობელები ყიდულობენ ტაქსის A კატეგორიის ლიცენზიას, რათა ბასლაინებზე იარონ“.

„ისეთი ძვირად ღირებული მანქანების მფლობელები, როგორიცაა „ტესლა“, „პრადო“, „ლენდ კრუიზერი“ და სხვა მრავალი ავტომობილები, რომელთა ღირებულებაც 10 000 დოლარს აჭარბებს, ყიდულობენ A კატეგორიის ლიცენზიებს, რათა ბასლაინზე გადაადგილდნენ. პოლიციას კი არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა მათგანი შეამოწმონ, შესაბამისად, ეს ყველაფერი უკონტროლო სახეს იღებს“, - განაცხადა ზურაბ ბუნტურმა რადიოგადაცემის ეთერში.

ამის გარდა, რესპონდენტი საუბრობს იმ საკითხზეც, რომ ბოლო ჩასწორებების შედეგად, უკვე ყველა ტაქსისტს, რომელიც A კატეგორიის ლიცენზიას ფლობს, აღარ შეუძლია იაროს ბასლაინზე, რადგან მათი ავტომობილი 10 წელზე მეტი ხნის წინ იქნა გამოშვებული.

„უკვე A კატეგორიაც დაყოფილია, რადგან კანონის გამოსვლის შემდეგ დაზუსტდა, რომ თუ A კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი პირის ავტომანქანა არის 10 წელზე მეტი ხნის წინ გამოშვებული, მას არ აქვს ბასლაინზე სიარულის უფლება, ხოლო ახალი მანქანის მფლობელებს, ეს პრივილეგია კვლავ გააჩნიათ. ეს, რა თქმა უნდა, დიდი უსამართლობაა“, - აღნიშნავს ზურაბ ბუნტური.

ზურაბ ბუნტური ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ B კატეგორიის ლიცენზიის მქონე პირები, რომლებიც მანქანის გაჩერებასაც კი ვერ ახერხებენ ზოგ ქუჩაზე განთავსებულ ბასლაინებზე, საფრთხის ქვეშ აყენებენ როგორც საკუთარ თავს, ასევე მგზავრის და სხვა მანქანებს.

„B კატეგორია ვერ მოძრაობს ბასლაინზე და ამას არც ვითხოვთ, მაგრამ, როდესაც ტაქსისტმა მგზავრი უნდა ჩაისვას, ან ჩამოსვას სასურველ ლოკაციაზე, მძღოლს უწევს, რომ ბასლაინი არ გადაკვეთოს და შუა გზაზე გაჩერდეს, რაც ყოვლად მიუღებელია, ვინაიდან საფრთხე ამ შემთხვევაში ექმნება ყველა მხარის კეთილდღეობას. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი სიტუაციებით ხშირად საცობიც იქმნება“, - ამბობს ზურაბ ბუნტური.

ბაჩანა ტყემალაძე