მსოფლიოში IT სფეროში მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოშიც მზარდია, მიწოდება საკმარისი არ არის, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სექტორში არსებულ კადრების დეფიციტთან.
საქართველოს ციფრული ინდუსტრიის კონსორციუმის საორიენტაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია „ბიზნესპრესნიუსთან“ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ საუბრობს.
პირველ რიგში, კიზირია განმარტავს გაზრდილ მოთხოვნას სექტორში. მისი თქმით, პროგრამისტებზე მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით დაიწყო კოვიდ პანდემიის პერიოდში, რა დროსაც სხვადასხვა სექტორმა გაციფრულების და ავტომატიზაციის აუცილებლობა გაითავისა.
„პროგრამისტებზე მოთხოვნა არამარტო ქართულ, ასევე გლობალურ დონეზე გაიზარდა. ამას დაემატა ბელარუსის მოვლენები, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რამაც გამოიწვია ბაზრის ტრანსფორმაცია. მოხდა IT სექტორის რადიკალურად გადაწყობა. ქართული კომპანიები, რომლებიც იქამდე შიდა ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულები, გადაეწყვნენ. გაჩნდა ბევრი ახალი კომპანია, რომელიც უკვე ახალგაზრდებისგან შეიქმნა, ასევე არიან ფრილანსერებიც“, - აღნიშნა მან.
გარდა ამისა, IT ბაზრისთვის პრობლემურია კადრების გადინების საკითხი. თუმცა, სხვა სექტორისგან განსხვავებით, სადაც კადრები ფიზიკურად გაედინებიან ქვეყნიდან, IT სექტორში „ტვინების“ გადინება ხდება. ეს ნიშნავს იმას, რომ სექტორში დასაქმებულთა ნაწილი ფიზიკურად საქართველოშია, თუმცა საზღვარგარეთ საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობენ.
„გადინება ხდება, ბუნებრივია, ოღონდ აქ საუბარია ტვინების გადინებაზე, როცა ფიზიკურად ქვეყანაში არიან და მუშაობენ პროექტებზე, რომლებიც საერთაშორისოა. ქართული კომპანიები, რომლებიც აქამდე ორიენტირებულები იყვნენ შიდა ბაზარზე, აქტიურად გადაეწყვნენ საერთაშორისო აუთსორსზე“, - ამბობს კიზირია.
მისივე თქმით, საერთაშორისო ბაზრებიდან მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე მოთხოვნა გაჩნდა, თუმცა სექტორში კადრების დეფიციტია. რაც შეეხება ანაზღაურებას, საშუალო კვალიფიკაციის პროგრამისტის ანაზღაურება IT სექტორში თვეში 5000 ლარიდან იწყება.
„საშუალო კვალიფიკაციის ანაზღაურება არის თვეში 5 ათასი ლარი. რაც ფასები დასავლეთში ევროპაში პირობითად, შეიძლება იყოს საათში 80-100 ევრო, მერე ხდება ამის გადმოტანა აუთსორსინგში საქართველოში და აქ 30-50 ევროა. ამ წუთში მოთხოვნა რაც არის, მიწოდების საშუალება არ არის, იმიტომ რომ არ არის კადრი“, - აღნიშნავს კიზირია.