ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრების მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 141 ერთეული ელექტრო სიგარეტი, ასევე სხვადასხვა დასახელებისა და განსხვავებული წონის შეფუთვებში მოთავსებული 278 ცალი ელექტრო სიგარეტის სითხეები.

მათივე ცნობით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით ჩამოერთვათ საქონელი, ხოლო ფულადი ჯარიმის საერთო ოდენობამ 8 408 ლარი (საქონლის ღირებულების 100-%) შეადგინა.