„მორიგი სიგიჟე და აბსოლუტურად დაუგეგმავი რეფორმაა“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“„ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვახტანგ კალოიანი სუროგატი დედისთვის მშობიარობის დაფინანსების შეწყვეტას.
კითხვაზე, რა ღირს დღეს საქართველოში მშობიარობა, კალოიანი პასუხობს, რომ საშუალოდ 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია სხვადასხვა ხარჯზე.
„მორიგი სიგიჟე და გაუთვლელი, აბსოლუტურად დაუგეგმავი რეფორმაა, რომელიც ძირითადად საარჩევნო კონიუნქტურას ემსახურება და არა მშობიარეების თუ მოქალაქეების ჯანმრთელობას. ეს არის პოლიტიკურ კონიუნქტურაზე გათლილი გადაწყვეტილება. დაახლოებით 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს, სხვადასხვა ხარჯი აქვს მშობიარობას. ეს არის პოლიტიკური პოპულიზმი“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
შეგახსენებთ, სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯებს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. ამის შესახებ მთავრობის დადგენილება 1-ელ მარტს გამოქვეყნდა.
იქამდე მთავრობას დაგეგმილი ჰქონდა, საქართველოში უცხოელებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგაცია აკრძალულიყო და ამ გზით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ბავშვის გაჩენა. აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ წელს პარლამენტში კანონპროექტიც დაინიცირდა, თუმცა, სუროგაციისა და ინვიტრო განაყოფიერების წესების გამკაცრების შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენიდან მოიხსნა.
სერვისების განვითარების სააგენტოს 2023 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, 3 036 სუროგატი დედაა რეგისტრირებული. ამასთან, 2012 წლიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში სუროგაციის გზით საქართველოში 5 393 ბავშვი დაიბადა.