თბილისის ახალი ზოოპარკის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია, ნაწილი კი დასრულების პირასაა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ განუცხადა, ამჟამად ე.წ. „აფრიკის სავანის“ მშენებლობა მიმდინარეობს.
„ძველი ზოოპარკიდან ახალში მთლიანად გადაყვანილია კავკასიის ფაუნა - დათვები, მგლები, ფოცხვერები, 2 სახეობის ჯიხვი, ირმები, ნიამორები. გარდა ამისა, ახალ ზოოპარკში არიან აფრიკული მოხატული ძაღლები და აქლემები.
ამჟამად მიმდინარეობს ე.წ. „აფრიკის სავანის“ მშენებლობა, მტაცებლების ზამთრის ვოლიერის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ასევე მთავრდება ჩლიქოსნების შიდა ვოლიერების მოწყობაც“ - განაცხადა გურიელიძემ.
მისი თქმით, სრულად, ზოოპარკი დაახლოებით 48 ჰექტარზე იქნება განლაგებული, აქედან მარტო „აფრიკის სავანე“ 8-9 ჰექტარს დაიკავებს, თუმცა ზუსტი ფართობი მშენებლობების დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.
ამ ეტაპზე ზოოპარკში დაახლოებით 300-მდე ცხოველი ბინადრობს, ამ რიცხვში არ შედის თევზები.
თბილისის ზღვის ზოოპარკში პირველად ჩამოიყვანენ ჟირაფებს.
ზურაბ გურიელიძემ არ დააკონკრეტა, როდის იგეგმება ზოოპარკის გახსნა. მისი თქმით, თარიღი კონკრეტული ინფორმაციის მიღების შემდეგ ეცოდინებათ.