„ბევრი ფერმერი გაკოტრდა - ქვეყანაში რამდენიმე თვის საკმარისი მარცვლეული მოგვყავს და იმასაც ვერ ვყიდით“

„მარცვლეულის ნათესები შემცირებულია, ფერმერებმა ვეღარ შეძლეს დათესვა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ბენიაძე აცხადებს.

მარცვლეულის ფერმერებმა გასულ წელს მოყვანილი მოსავლის გაყიდვა ვერ შეძლეს, წელს კი მათმა ნაწილმა მარცვლეულის დათესვა ვეღარ შეძლო. ბენიანიძის თქმით, გასულ წელს დაახლოებით 150 ათასი ტონა მოსავალი მიიღეს, საიდანაც 30 ათას ტონაზე მეტი რეალიზაციის გარეშე დარჩა.

„მეტს ვეღარაფერს ვაკეთებ ამაზე საუბრის ნაცვლად, მაგრამ ვინ გისმენს და შედეგი რა არის? ნათესები შემცირებულია, შარშანდელი მოსავალი ვერ გაყიდეს ფერმერებმა, ვეღარ შეძლეს დათესვა და დატოვეს, ვინც მოიყვანა და დათესა, გასაყიდი აქვს მოსავალი. ვერ უვლიან სათანადოდ და ღონისძიებებს ვერ ატარებენ“, - ამბობს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მანვე განმარტა მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ ახერხებენ ფერმერები მარცვლეულის გაყიდვას. ბენიაძის თქმით, ქვეყანაში რუსეთიდან დიდი რაოდენობით მარცვლეული შემოდის, რომლის ფასი ქართულთან შედარებით დაბალია და კონკურენციის გაწევა ვერ ხერხდება.

„ძალიან დაბალი ფასია და ვერ უწევს კონკურენციას რუსეთიდან შემოტანილ მარცვლეულს, რომელიც ძალიან იაფია, იქ დიდი რაოდენობებია, ვერ გააქვთ მსოფლიო ბაზარზე და ამიტომ ახლო ქვეყანა ვარ და შემოდის აქ. დაახლოებით დაღერღილი მარცვლეული 58-60 თეთრის ფარგლებში შემოდის დღგ-ს ჩათვლით. რუსულ დაღერღილ მარცვლეულს მოხსნილი აქვს მოსაკრებელი და ამიტომ ძალიან იაფად შემოდის. ქართული 50 თეთრია“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა სამომავლოდ მეტი მოსავლის დათესვას, ფერმერი პასუხობს, რომ ფერმერების დიდი ნაწილი გაკოტრდა, რადგან თვითღირებულების დაფარვასაც ვერ ახერხებს ქართული მარცვლეული. შესაბამისად, თუ მდგომარეობა იგივე დარჩა, ფერმერები მარცვლეულის ნათესებს ვერ გაზრდიან.

„ძალიან ბევრი ფერმერი უკვე გაკოტრებულია, ყველაფერი მიჰყვება ერთი მეორეს იმიტომ, რომ გამორიცხულია - თვითღირებულებასთან ახლოს რომ ვერ მიდის ფასი, რანაირად შეიძლება ასეთი საქმიანობის გაგრძელება? გამორიცხულია ასე გაგრძელება. ჩვენ სულ ქვეყანაში მოგვყავს რამდენიმე თვის საკმარისი მარცვლეული და ისიც ვერ გაგვიყიდია. გასულ წელს 150 ათასი ტონა ხორბალი მოვიდა და აქედან 30 ათასი ტონა მარცვლეული ვერ გავყიდეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაძემ.

რაც შეეხება გადაჭრის გზებს, ფერმერი ფიქრობს, რომ საჭიროა რუსეთიდან შემოსულ მარცვლეულზე დამატებითი გადასახადის დაწესება, რათა ქართულმა მარცვლეულმა კონკურენციის გაწევა შეძლოს.

„უნდა შემოიღოს დამატებითი გადასახადი ყველანაირ მარცვლეულზე, როგორც ქერზე ასევე ხორბალზე. აქ უნდა დამატება რომ 70 თეთრამდე ავიდეს, რომ ფერმერმა თვითღირებულებასთან მიახლოებულ ფასად გაყიდოს. ამის შეთანხმება არსებობდა და მხოლოდ 2 კვირა იმუშავა რეალურად“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, საქართველოში საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურების ნათესი ფართობები ისევ შემცირდა. საქსტატის 2023 წლის ექსპრეს მონაცემებით, დამუშავებული ფართობების მოცულობამ 207.4 ათასი ჰექტარი შეადგინა, წინა წელს კი საგაზაფხულო და საშემოდგომო კულტურები 215.7 ათას ჰექტარზე დაითესა. ამასთანავე, 2023 წელს მცირედით, 0.3 ათასი ჰექტარით, 66.8 ჰექტრამდე შემცირდა საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების - ხორბლის და ქერის ნათესები, თუმცა უკვე 2024 წელს ამ მაჩვენებელმა უფრო მკვეთრად დაიწია და წელს ხორბალი და ქერი მხოლოდ 55 ათას ჰექტარზე დაითესა. (აღსანიშნავია, რომ საქსტატს წლევანდელი წლის ექსპრეს მონაცემები მხოლოდ საშემოდგომო მარცლოვან კულტურებზე აქვს გამოქვეყნებული).

მერი ტაბატაძე