„რაჭაში, ერთი მხრივ, გვაქვს ულამაზესი ბუნება და უნიკალური ტყე, რომელიც არაჩვეულებრივ ესთეტიკურ გარემოს ქმნის, სადაც ნებისმიერ ადამიანს ჩასვლა და ცხოვრება მოუნდება, მეორე მხრივ, არის ძალიან სერიოზული სიღარიბე... ამიტომაც დიდი ხანია, მოსახლეობისგან ამ კუთხის დაცარიელება მიმდინარეობს“, - გვეუბნება რეზო გეთიაშვილი, „სენის“ პროექტების კოორდინატორი. მისი თქმით, ეს ისტორიული ფენომენიც არის და დღევანდელ საქართველოში რაჭის ეს მაგალითი კარგ მოდელადაც შეიძლება განვიხილოთ იმ კუთხით, რომ რაჭაში თავმოყრილია არაჩვეულებრივი ბუნებრივი რესურსი, ტყეების სახით, თუმცა ეს მოსახლეობას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.
„ამ კუთხეში არ გვყავს მდიდარი მოსახლეობა, მდიდარი სოფლები, განვითარებული ეკონომიკა, არ გვყავს დასაქმებული ადამიანები - ცხოვრება რაჭაში ჩამკვდარია. მოდელი ტყუილად არ ვახსენეთ - ამ ყველაფრის მიზეზი უნდა ვეძებოთ, სწორი დიაგნოზი დავსვათ და სწორი გამოსავალიც ვიპოვოთ.
ბუნებრივია, ნებისმიერ ადგილზე განვითარება უნდა იყოს მიბმული იმ პირობებთან და იმ რესურსებთან, რაც არსებობს. ამას ენდოგენურ განვითარებას ეძახიან - ეს ადგილობრივ რესურსებზე, ტრადიციაზე დაფუძნებული განვითარებაა. ეს ტერმინი გამოყენებული იყო რეგიონული განვითარების სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებში, მაგრამ დოკუმენტებსა და ქაღალდებზე დარჩა, ამის რეალიზაცია დიდად ვერ მოხერხდა“ - აღნიშნავს რესპონდენტი...
რეზო გეთიაშვილის თქმით, ამბროლაური, ონის მსგავსად, ტყით მდიდარია, მაგრამ იქ სხვა შესაძლებლობებიცაა, ქვემო რაჭაა და არის უნიკალური მიკროზონა - მეღვინეობა, მევენახეობა - ასე თუ ისე განვითარებულია. ტურისტული კუთხითაც აქტიურია და ხელმისაწვდომიც. კიდევ არაერთი ფაქტორია, რომელიც დამატებით განვითარების საშუალებას იძლევა.
- და რა არის ეს ფაქტორი?
- თუ ავიღებთ ონს, იქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება - მაგალითად, სოფელი გლოლა ულამაზესი საკურორტო ადგილია შოვთან, მუდმივად დასახლებული და ისტორიული ზონაცაა. იქ ადამიანებს ძალიან მცირე მიწის ნაკვეთები აქვთ და შეუძლიათ, მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის მოიყვანონ კარტოფილი თუ ხილი. შეუძლებელია, იქ სოფლის მეურნეობას რაიმე კომერციული დატვირთვა ჰქონდეს, რადგანაც, ფაქტობრივად, მიწა არ არსებობს, მწირია, ამასთან ხელი არ მიგიწვდება იმ შესაძლებლობებზე, თუნდაც იმ პროდუქტებზე, რომელიც ბარში უფრო იაფია, ასევე, ცხოვრების პირობებზე, სამუშაო ადგილები თითქმის არ არის - ეს არის რეალურად მიზეზი, რის გამოც რაჭა იცლება.
- გამოსავალი რაშია?
- სახელმწიფო ადგილზე უნდა სთავაზობდეს მოსახლეობას ყველაფერს, არა მარტო პირობებს. იმავე პრინციპით შეგვიძლია განვიხილოთ ჭუბერი, მაღაროს კარი (ფშავი). ავიღოთ მაგალითად, სოფლის განვითარების პროგრამები, რითაც ზოგადად კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობა მიმდინარეობს - ტექნიკით დახმარება, სამაცივრე მეურნეობით და ა.შ. გამოდის, რაჭის მოსახლეობას ყველაფერი გვერდს უვლის. არც თხილია, არც მოცვია, პროგრამები ამ რეგიონებზე არ არის მორგებული. ამრიგად, სახელმწიფო ვერაფერში ეხმარებათ, რადგანაც ის განვითარებას ძალიან სწორხაზოვნად აღიქვამს. ამბობს, რომ სოფლის მეურნეობა უნდა განავითაროს, მაგრამ რეალურად ეს რაჭის, ფშავის, ზემო იმერეთის, ზემო აჭარის, სვანეთის ადგილობრივ პირობებთან შესაბამისობაში განხილვას უნდა ნიშნავდეს. ამიტომ აქ არის უკვე აცდენა.
არადა, სოფლის განვითარების პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიარდი ლარია... წარმოიდგინეთ, რამხელა მხარდაჭერაა, შეღავათიანი კრედიტები, გრანტები, სხვადასხვა საშუალებები, მაგრამ ამით ათასობით სოფელი ვერ სარგებლობს. სოფლის განვითარება მხოლოდ ტრაქტორებს და მიწის დამუშავებას არ ნიშნავს. მას რამდენიმე საყრდენი აქვს, ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, არასასოფლო სამეურნეო მიმართულების განვითარებაა.
- ამაში რა იგულისხმება?
- იგულისხმება ტყეების კომერციული გამოყენება, ბუნებრივი რესურსების გამოყენება. თუ ვცხოვრობ სოფელში, სადაც სოფლის მეურნეობა არ არის, მაგრამ გარშემო არის ტყე, სახელმწიფომ უნდა მომცეს მოდელი, როგორ უნდა გამოვიყენო. მოსახლეობამ ეს ადრე იცოდა და დღემდეა ეს ცოდნა შემორჩენილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ესეც იკარგება. რეალურად განათლების კუთხითაც პრობლემაა. განათლება მაინცდამაინც არ ნიშნავს უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. სწორი ტრადიციული ცოდნაც განათლების ნაწილია, რომელსაც ვკარგავთ.
ევროკავშირის რეკომენდაციით, უკვე განისაზღვრა საქართველოში ტერმინი - ეროვნული კლასიფიკატორი. საქსტატში მითითებულია, რომ სოფლის მეურნეობა ბუნებრივ, ურბანულ, კულტურულ გარემოში უნდა იყოს. აქ იგულისხმება როგორც ტყეები, არასასოფლო სამეურნეო ტერიტორიები და კულტურულ-სასოფლო სამეურნეო მიწებზე მცენარეული და ცხოველური პროდუქტების მოყვანა.
გარშემო რომ ამხელა ტყეები და მთები გაკრავს, უნდა მოგეცეს საშუალება, აქედან კომერციული სარგებელი მიიღო. მაგალითად, არსებობს ტყის ჩაი, ამ საქმიანობას ბევრი ქვეყანა მიჰყვება. სხვადასხვა მცენარის ფოთლის შეგროვება საკმაოდ ძვირი ღირს. როცა გაქვს ჩაის პროგრამა, ეს უნდა იყოს გათვლილი ერთ კონკრეტულ მუნიციპალიტეტზე.
„დანერგე მომავალი“ ეხმარება სხვადასხვა ბაღის, პლანტაციის განვითარებას. ეს სოფლის მეურნეობის ტრადიციული ხაზია. ამ დროს ევროპაში არის უზარმაზარი სანერგე მეურნეობები, დეკორატიული მცენარეებით, ტყის ველური სახეობებით, საახალწლო ნაძვის ხეებით ამარაგებს ევროპის ბაზარს. ეს საკმაოდ ძვირი ღირს და უამრავი ადამიანია დასაქმებული, შესაბამისად, უზარმაზარი შემოსავალი აქვთ. რაჭა ამ თვალსაზრისითაც საინტერესოა.
- რაჭის სოჭის გირჩები ხომ გადის გერმანიაში?
- კი და კიდევ უფრო მეტი - დანიაში. ქვემო რაჭის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღთან არსებულ სატყეო ფართობებზე იმ სოჭის პოპულაცია იზრდება, რომელიც უნიკალურია და იდეალურად პროპორციულ ნერგებს საახალწლო ნაძვის ხეებისთვის იძლევა.
- იმ გირჩებს თლუღის ტყეში აგროვებენ?
- იმდენად დიდი ბიზნესია, რომ დანიისთვის ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და მნიშვნელოვანი დარგი. დანიას მომავალში მიწოდების პრობლემა რომ შეექმნას, შეიძლება გარკვეული ეკონომიკური კრიზისიც კი გამოიწვიოს, ძალიან დიდი დარგია და დიდ ბაზარს ამარაგებს. გასაგებია, რომ გერმანიის ეკონომიკა სხვა მასშტაბებისაა და ეს მათზე გავლენას ვერ მოახდენს.
- აქედან რა სარგებელი გვაქვს?
- ძალიან მინიმალური, მოსახლეობა დასაქმებულია, ძირითადად, ამ სოჭის გირჩების შეგროვებაზე. მათი მცირე ანაზღაურება ხდება და ძალიან სარისკო საქმეა. უზარმაზარ სოჭის ხეებზე ადიან და გირჩებს ისე აგროვებენ. ისე უნდა შეგროვდეს, რომ ტოტი არ დაზიანდეს. მოსავალი უნდა აიღო უზარმაზარი სოჭის ხეებზე ასვლით. ადრე ტოტების ჩამოტანა და მერე გასხეპა ხდებოდა და თლუღის ეს უნიკალური კორომი და პოპულაცია ძალიან დაზიანდა. ეს ცოტა ადრე ხდებოდა, ახლა მეტი კონტროლია. ალბათ, უკვე 15 წელია, ეს პროცესი მიმდინარეობს.
- შეგვიძლია თუ ამ რესურსის უკეთესად გამოყენება?
- შეგვიძლია. კარგი იქნება თუ პირველადი პროდუქტის, გირჩის სახით კი არ გამოვიყენებდით მას, რაც პრაქტიკულად თესლია. მას მცირე ღირებულება აქვს და დიდად არც დასაქმებას, შემოსავალს, ეკონომიკას გაძლევს. იქნებ გერმანიის და დანიის - პარტნიორი ქვეყნების დახმარებით გვესწავლა ეს საქმე და ევროპის ბაზარზეც შევსულიყავით.
აქ ერთადერთი ხელის შემშლელი ფაქტორია, რომ ამ მიმართულებით ცოდნა არ გვაქვს, მაგრამ პარტნიორი ქვეყნების დახმარების იმედი მაქვს. დასავლეთ საქართველოში არის უნიკალური პირობები, რომ სანერგე მეურნეობები განვითარდეს, პლანტაციური მეურნეობები, რადგან იქ უფრო სწრაფად იზრდება მცენარე. ამას სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტების სხვარიგად დალაგება სჭირდება და პროგრამულად მხარდაჭერა.