რა ღირს ფარშევანგი საქართველოში

სენაკის რაიონში მდებარე ფერმაში სახელად „ფერმა სენაკში“ ფარშევანგების გაყიდვები განახლდა. როგორც ობიექტის დამფუძნებელი მურმან გვასალია „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, სანამ თავად სარეალიზაციოდ ფარშევანგების გარკვეული რაოდენობა ექნება, ის თანამშრომლობს ბევრ კომპანიასთან, რომელთა ფრინველების პოპულარიზაციასაც ახდენს.

მურმან გვასალია: ამჟამად გაყიდვაში გვყავს სხვადასხვა ასაკის ფარშევანგები. 2 კვირის ასაკის ფრინველის ღირებულება 150 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე აღწევს, გააჩნია სახეობას. ხოლო მოზრდილი, დაახლოებით 7 თვის ასაკის ფარშევანგის ფასი 500 ლარიდან იწყება.

მისი თქმით, ფარშევანგის მყიდველები შედარებით შეძლებულ ფენას წარმოადგენენ და ფრინველს ისინი სახეობის მიხედვით არჩევენ.

"რაც უფრო ფერადი და სხვადასხვა ფერის კუდი აქვს ფარშევანგს, მით უფრო იშვიათ სახეობას განეკუთვნება იგი, შესაბამისად მოთხოვნაც ასეთებზე უფრო მაღალია", - ამბობს იგი.

მურმან გვასალიას თქმით, უახლოეს მომავალში მის ფერმას ახალი სახეობის ქათმები და კიდევ ორი ფარშევანგი დაემატება. ამას გარდა, ის აქტიურად მუშაობის ხოხბების მოშენების საკითხზეც, რომლებისთვისაც ვოლიერების მოწყობა უკვე მიმდინარეობს და დაახლოებით წლის ბოლოს მის ფერმაშიც გამოჩნდებიან.

„ფერმა სენაკში“ 4 წლის წინ, 2020 წელს დაფუძნდა. ის 300 კვადრატზე არის გაშენებული და მასში დაახლოებით 100 ფრთა ფრინველი ცხოვრობს. როგორც მისი დამფუძნებელი ამბობს, ორიენტირებულია არა მათ რაოდენობაზე, არამედ ჯიშების მრავალფეროვნებაზე.

ფერმაში ბინადრობენ როგორც ჩვეულებრივი, ასევე დეკორატიული ფრინველები, რომელთა შორის არიან: არაოკანა, რომელიც ლურჯ კვერცხს დებს, მილფერი, რომელიც მტრედის ზომა იზრდება, აბრეშუმი, რომელსაც ბუმბულის ნაცვლად ბეწვი აქვს, ოქროს ვიანდოტი და ა.შ.

ეკა დარჩიაშვილი