ბანანი კლიმატის ცვლილების გამო კიდევ უფრო გაძვირდება. ამის შესახებ BBC-ის მსოფლიოს ერთ-ერთმა წამყვანმა ექსპერტმა განუცხადა.
ამასთან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი, პასკალ ლიუ ამბობს, რომ კლიმატის ზემოქმედება, რაც სწრაფად გავრცელებულ დაავადებათა ზემოქმედებას აძლიერებს, მიწოდებას “უზარმაზარ საფრთხეს” უქმნის. მაგალითად, გასულ კვირას საზღვაო შტორმის გამო დიდი ბრიტანეთის რამდენიმე სუპერმარკეტში ბანანის დეფიციტიც კი გაჩნდა, მაშინ, როცა ბანანი მსოფლიოში ყველაზე ექსპორტირებული ხილია.
მხოლოდ დიდი ბრიტანეთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 5 მლრდ დოლარის ბანანის იმპორტს ეწევა, საიდანაც 90% მსხვილ სუპერმარკეტებში იყიდება. საცალო მოვაჭრეების თქმით, საზღვაო შტორმი მიწოდებას მეტად აფერხებს.
ექსეთერის უნივერსიტეტის პროფესორი, დენ ბებერი, რომელიც ბანანის ეკოლოგიურ მდგრადობას სწავლობს, აცხადებს, რომ ”მიწოდების ჯაჭვი მერყეობს, თუმცა დიდი ბრიტანეთი მეტად კარგად უმკლავდება ამ ტიპის ეფექტების შესუსტებას.”
„ამ ტიპის რყევების შეკავებას ხელს უწყობს ის, რომ სიმწიფის ცენტრებს შეუძლიათ, დააჩქარონ ან შეანელონ ბანანის მომწიფების ტემპი, როცა ხილი ჩამოდის,” - აცხადებს პროფესორი.
მართალია, მოკლევადიან უამინდობასთან გამკლავება თავად ბანანის მარაგსაც შეუძლია, მაგრამ ექსპერტები გლობალური დათბობის მზარდი საფრთხეებითა და მის კვლადაკვალ გავრცელებული ხილის დაავადებებით შეშფოთებული არიან.
პასკალ ლიუს შეფასებით, „კლიმატის ცვლილება ბანანისთვის მართლაც უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს. იმის გარდა, რომ უამინდობა გავლენას ახდენს წარმოებაზე, თავად ბანანი ტემპერატურის მატებაზე მეტად მგრძნობიარეა, რამაც შესაძლოა, ზოგიერთ ადგილას მოსავალი გაანადგუროს. ყველაზე დიდ საფრთხე ტემპერატურის მატების შედეგად დაავადების გავრცელებაა.”
კერძოდ, სოკოვანი ინფექცია, Fusarium Wilt TR4, რომელიც ავსტრალიიდან და აზიიდან აფრიკაში გადავიდა, ამჟამად სამხრეთ ამერიკაში ვრცელდება. როგორც კი პლანტაცია ინფიცირდება, ინფექცია ბანანის ყველა ხეს კლავს. ექსპერტები ამბობენ, რომ დაავადების მოშორება მეტად რთულია. მეტიც, სოკოს ინფექციამ მუტაცია განიცადა და მსოფლიოში ბანანის ყველაზე პოპულარულ ჯიშს, კავენდიშს (Cavendish) განადგურებით ემუქრება.
“ჩვენ ვიცით, რომ ეს ფუზარიუმის სპორა უკიდურესად მდგრადია და წყალდიდობის ან ძლიერი ქარის დროს უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ნორმალური ამინდის პირობებში,” - აცხადებს პასკალ ლიუ.
BBC-ის ცნობით, მწარმოებლები, ასევე, სასუქების, ენერგიისა და ტრანსპორტის ხარჯების გაზრდის გამო განიცდიან ზეწოლას. პრობლემებია საკმარისი რაოდენობის მუშახელის მოძიებაშიც. ექსპერტები მოელიან, რომ მიწოდებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში ფასები გაიზრდება და მომავალშიც მაღალი დარჩება.
”თუ მიწოდება მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, ფასები გარკვეულწილად ნამდვილად მოიმატებს. ჩემი ვარაუდით, ბანანის ფასი შედარებით მაღალი მომდევნო წლებშიც დარჩება,” - აცხადებს პასკალ ლიუ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ