ევროპაში ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბი ჩრდილო იტალიაში, ლიგურიის ზღვაში მდებარე გენუის ყურეში აშენდება. მისი გახსნა 2029 წლის შუა რიცხვებში არის დაგეგმილი. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.
3,4-კილომეტრიანი გვირაბი ქალაქ გენუის პორტის აკვატორიაში, 45 მეტრ სიღრმეზე გაივლის. ის ერთმანეთს ზღვისპირა ქალაქის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს დააკავშირებს.
ახალი სატრანსპორტო არტერია იტალიაში ყველაზე გრძელი, ხოლო ევროპაში ყველაზე ფართო წყალქვეშა გვირაბი იქნება. მისი სიგანე მოძრაობის თითოეულ მიმართულებაზე 16 მეტრს შეადგენს.
გვირაბის დახმარებით სატრანსპორტო ნაკადის გამიჯვნა საავტომობილო გზებისგან 25 ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას გამოათავისუფლებს, სადაც სანაცვლოდ მწვანე ზონები და პარკები შეიქმნება.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის დეკემბრისთვის ფინეთსა და ესტონეთს შორის წყალქვეშა სარკინიგზო გვირაბი გაიხსნება. გვირაბის სიგრძე 103 კილომეტრი იქნება, რაც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის მდებარე ლა-მანშის სრუტის ქვეშ გამავალ გვირაბს ორჯერ აღემატება. ერთი დედაქალაქიდან მეორეში გადასვლა მხოლოდ ნახევარ საათში იქნება შესაძლებელი. ამჟამად ორი ქალაქი ერთმანეთს მხოლოდ ბორნით უკავშირდება, რასაც 2 საათი სჭირდება. ჰელსინკში ყოველდღიურად სამსახურში, დაახლოებით, 10 ათასი ესტონელი დადის, ხოლო ტალინს ყოველ შაბათ-კვირას ბევრი ფინელი ტურისტი სტუმრობს. ფინეთის ყურის ქვეშ მშენებარე ეს გვირაბი ერთმანეთს ორივე დედაქალაქის აეროპორტებს დააკავშირებს, ხოლო ყურის შუაგულში ორი სარკინიგზო სადგური მოეწყობა.
ამასთან, 2029 წლისთვის ბალტიის ზღვაში 18-კილომეტრიანი წყალქვეშა გვირაბი გაივლის, რომელიც ერთმანეთთან გერმანიის შლეზვიგ-ჰოლშტეინის ფედერალურ მიწასა და დანიის ლოლანდ-ფალსტერის რეგიონს დააკავშირებს. გვირაბი ზღვის ფსკერზე, 16 მეტრ სიღრმეზე გაივლის. მის კონსტრუქციას ბეტონისგან ჩამოასხამენ, შემდეგ კი წყლის ქვეშ ნაწილ-ნაწილ ააწყობენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ