„სახლში არასდროს უნდა შევქმნათ ჰერმეტული მდგომარეობა. ყოველთვის უნდა იყოს ფანჯარა ან სარკმელი შეღებული“ - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ „ყაზტრანსგაზ თბილისის“ დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო სიმონიშვილი აცხადებს.
კითხვაზე, რომელი მოწყობილობებია განსაკუთრებით საყურადღებო, სოსო სიმონიშვილი პასუხობს, რომ დახურული წვის კამერები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ღია წვის კამერები.
„ბოლო ხანებში გამოდის ე.წ დახურული წვის კამერის წყლის გამაცხელებლები და გამათბობლები, რომლებიც წვისათვის აუცილებელ ჰაერს იღებენ არა ბინის შიგნით მდებარე ჰაერიდან, არამედ გარედან და ნამწვი აირებიც გადის გარეთ. ასეთი მოწყობილობები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ძველებური საბჭოთა კავშირის დროს არსებული“, - დასძინა მან.
სიმონიშვილის თქმით, ბინის მესაკუთრეები საცხოვრებლებში რემონტის დროს ხშირად აზიანებენ გამწოვ სისტემებს. მანვე აღნიშნა, რომ გამწოვი სისტემის გამართული მუშაობა უბედური შემთხვევების თავიდან აცილების ერთ-ერთი საშუალებაა.
„ბოლომდე არ უნდა დავხუროთ ყველაფერი, არ უნდა ვაქციოთ ჩვენი ბინები ჰერმეტულ საკნად. ჰერმეტულ საკანში გაზი სულ რომ არ გქონდეს, უჰაერობით მაინც დაიხრჩობი. ბინა, სადაც ცეცხლი ანთია, მათ შორის ვგულისხმობ გაზქურა, უნდა ნიავდებოდეს.
ბინის მესაკუთრეები როცა კაპიტალურ რემონტს აკეთებენ, გაწოვის სისტემას აზიანებენ ხოლმე. გაწოვის სისტემა აუცილებლად უნდა იყოს სააბაზანოსა და სამზარეულოში. მცხოვრებლებმა უნდა შეამოწმონ, თვითონ თუ არ გადაკეტეს გაწოვის სისტემა, მეზობელმა ხომ არ გადაკეტა ზედა სართულზე მაგალითად და უსაფრთხოება უზრუნველყონ“, - აღნიშნავს სოსო სიმონიშვილი.
შეგახსენებთ, დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად არავინ დაშავებულა. კორპუსში მცხოვრები 93 ოჯახი დროებით სასტუმროებში დააბინავეს. როგორც „თბილისი ენერჯში“ აცხადებენ, ადგილზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა არალიცენზირებული პირი, რომელმაც, სავარაუდოდ, გაზის ქსელი დააზიანა, რაც შემდეგ აფეთქების მიზეზი გახდა.