ტყიბულის წყალსაცავში მდებარე ერთ-ერთი კუნძული ხელახლა იყიდება. ელექტრონული აუქციონის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, გასაყიდად გამოტანილია 21,421 კვადრატული მეტრის ფართობი, რომლის საწყისი ფასია 120 000 ლარი, ვაჭრობის ბიჯი - 3 000 ლარი, საგარანტიო თანხა კი 12 000 ლარია. აუქციონი 25 მარტს სრულდება.
დოკუმენტაციის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 წლის განმავლობაში, ახალმა მფლობელმა უნდა განახორციელოს ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია.
ამასთან, ახალ მფლობელს ევალება:
შეგახსენებთ, რომ ტყიბულის კუნძულების გასაყიდად სამი აუქციონი 2023 წლის დეკემბერში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიამ გამოაცხადა. სამივე აუქციონი 28 დეკემბერს დასრულდა. კუნძულების საწყისი ფასი ერთობლივად 2 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა მაღალი ინტერესის გამო და აუქციონის წესების შესაბამისად, საბოლოოდ სამივე კუნძული 3,040 მლნ ლარად გაიყიდა.
წყალსაცავში მდებარე ყველაზე დიდი ზომის კუნძული შეისყიდა კომპანიამ „ემ&ეს“. კუნძულის ფართობია 315,018 კვადრატული მეტრი; მისი საწყისი გასაყიდი ფასი იყო 1,7 მლნ ლარი, მყიდველმა კი 1,701 მლნ ლარი გადაიხადა. დოკუმენტაციის მიხედვით, ახალმა მფლობელმა 5 წლის განმავლობაში კუნძულზე 6 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია „ემ&ეს“-ი 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის მანუჩარ ქათამაძე.
მეორე - 31,828 კვადრატული მეტრის კუნძული, რომლის საწყისი ფასი იყო 180 000 ლარი, 663 000 ლარად კომპანია „ემ კაპიტალმა“ იყიდა. საინვესტიციო ვალდებულება ერთ მლნ ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია, რომ აღნიშნული ინვესტიცია 4 წლის ვადაში განახორციელოს და მოაწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის ნოემბერში დაფუძნდა. კომპანიის მფლობელია მიხეილ ვერულაშვილი.
იმავე პერიოდში გასხვისდა მესამე კუნძულიც, რომლის ფართობი 21,421 კვადრატული მეტრია. თუმცა იმ პერიოდში უცნობი იყო, თუ ვინ შეისყიდა აღნიშნული კუნძული, რამდენადაც, ხელშეკრულების გაფორმებამდე ტყიბულის მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ ვინაობა არ დაუსახელეს. ამჯერად აღნიშნულ კუნძულს მუნიციპალიტეტი ხელახლა ყიდის, შესაბამისად, გამოდის, რომ პირველი აუქციონის შედეგები ჩაიშალა.