საქართველოს ტურისტული პოტენციალი დიდია, თუმცა ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. ტურისტული სექტორის წარმომადგენლების თქმით, ისეთ მოთხოვნად კურორტებზე, როგორებიცაა: გუდაური, მესტია თუ მთიანი აჭარა საგზაო ინფრასტრუქტურა დღემდე პრობლემას წარმოადგენს, რიგ შემთხვევებში კი სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველიც არის.
როგორც „ბიზნესპრენიუსს“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე უყვება, გუდაური ყველაზე პოპულარული და განვითარებული ზამთრის კურორტია, თუმცა იქამდე მისასვლელი გზა სავალალო მდგომარეობაშია. მოუწესრიგებელია საპარკინგე ადგილებიც.
„გუდაურში მისასვლელი გზა არის სავალალო მდგომარეობაში, არის უამრავი ორმო და ტალახი და ამ გზაზე გადაადგილება საკმაოდ სახიფათოა, რადგან ორივე მხრიდან ტრაილერები დადიან. შენ კი იძულებული ხარ, პატარა მანქანით ტრალერებს შორის გაძვრე.
გარდა ამისა, გუდაურში შიდა გზა არის ისეთ მდგომარეობაში, იმდენი ორმოა, რომ მსუბუქი მანქანით ასვლა სასურველი აღარ არის. პარკინგები ფაქტობრივად არ არსებობს, ის ადგილები, რომლებსაც ვითომ პარკინგები ჰქვია, უბრალოდ ერთი დიდი ყინულის და ტალახის მასაა. ამაზე ჩვენ ვწერდით და ვლაპარაკობდით სეზონის დაწყებამდე, სანამ თოვლი მოვიდოდა და იყო იმის დრო, რომ გაეკეთებინათ, მაგრამ არაფერი გაკეთდა, ერთმანეთს აბრალებენ - „ცისფერი მთები“, გადაბრალება ერთი მეორეზე, რომ არ გააკეთონ და პასუხისმგებლობა არავინ აიღოს,“ - ამბობს ჯაფარიძე.
საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია მესტიაში, სადაც ასვლა „სასიცოცხლო რისკებთან არის დაკავშირებული“.
„გზა ზუგდიდიდან მესტიამდე არის ცუდ მდგომარეობაში - არ იწმინდება, არის მუდმივი ქვათა ცვენა, ზვავსაშიშროება და იქ სტუმრები აღარ დაგვყავს იმიტომ, რომ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ფაქტობრივად, მთელი დღე, 10 საათი გინდა თბილისიდან რომ მოხვდე მესტიაში და არსს მოკლებულია იქ წასვლა თუ ექსტრემალური სრიალის მოყვარული არ ხარ,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ადგილია მთიანი აჭარის რეგიონი, მაგრამ გზა აქაც დღემდე მოუწესრიგებელია. სტუმრებს მტვერსა და გრუნტიან გზაზე უწევთ გადაადგილება, რასაც დისკომფორტს რომ თავი დავანებოთ, დიდი დროც სჭირდება.
„მთიანი აჭარა ხშირად არის პროგრამაში, გადავდივართ ხოლმე გოდერძის უღელტეხილით ახალციხიდან ბათუმში ან პირიქით. გზა ჯერ კიდევ დაუსრულებელია, მტვერში და გრუნტიან გზაზე გიწევს სიარული. გარდა ამისა, მთიანი აჭარის გზა არის ძალიან ლამაზი თავისი ხის ქოხებით, სანახაობრივად ლამაზია და კარგი იქნებოდა ამ გზის არსებობა. ზამთარში საერთოდ იკეტება დიდთოვლობის გამო,“ - დასძინა მან.