ByteDance-ის მფლობელობაში მყოფმა კომპანია TikTok-მა, გასულ წელს, აშშ-ის მასშტაბით მოახერხა, რომ 16 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიეღო. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
2023 წლის Bytedance-ის შემოსავალი სულ 40%-ით გაიზარდა და ჯამურად მან 120 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდის მთავარი წილი TikTok-ზე მოდის, რომელსაც აშშ-ის 170 მილიონზე მეტი მოქალაქე იყენებს. სწორედ ამან განაპირობა ამერიკაში გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი.
Financial Times-ის ანგარიშიდან ირკვევა ისიც, რომ ByteDance, რომელმაც მობილური აპლიკაციის გამოშვება კიდევ უფრო გაახშირა, მალე Meta-ს გადაასწრებს გაყიდვების კუთხით და თამამად შეიძლება ითქვას, რომ იგი სოციალური ქსელების ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია გახდება.
ჩამოთვლილი საკითხები აშშ-ის მთავრობასა და ხელისუფლებას აღშფოთებს. სწორედ ამიტომ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა იმ კანონპროექტს, რომელცი TikTok-ის აკრძალვას ითვალისწინებს, თუ ByteDnace არ გაასხვისებს პლატფორმას ამერიკულ კომპანიებზე.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ 2023 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში, TikTok-ი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი გახლდათ. TikTok-ი გასულ წელს 47-მა მილიონმა ახალმა მომხმარებელმა გადმოწერა, როდესაც ეს მაჩვენებელი Instagram-ისა და Facebook-ის შემთხვევაში 34 და 35 მილიონი იყო.