4 არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი.
მათივე ცნობით, საქართველოს მეოთხე წელია არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეროვნულ დონეზე ფაქტობრივად გაჩერებულია.
„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოაქვეყნა აზერბაიჯანის, მოლდოვის, სომხეთის და უკრაინის ანტიკორუფციული გარემოს მონიტორინგის მე-5 რაუნდის ანგარიშები, რომლებიც ანტიკორუფციული ქსელის (OECD/ACN) მიერ მომზადდა.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის ანტიკორუფციული რეფორმების შეფასებას შემდეგი მიმართულებებით: ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობა, პროკურატურის დამოუკიდებლობა, კორუფციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება, სპეციალიზებული ანტიკორუფციული ინსტიტუტები, ბიზნესის კეთილსინდისიერება, სახელმწიფო შესყიდვები, მამხილებელთა დაცვა, ინტერესთა კონფლიქტი და ქონებრივი დეკლარაციები.
მთავრობამ OECD/ACN პროცესის შეფერხება ჯერ კიდევ 2021 წელს სცადა, როცა მე-5 რაუნდის საპილოტე ანგარიში მზადდებოდა. ანტიკორუფციული რეფორმების, განსაკუთრებით კი დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის კომპონენტში კრიტიკული შეფასების მიღების გამო, მთავრობა ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებას ეწინააღმდეგებოდა. 2023 წელს კი, საქართველოს მთავრობამ 20 წლის მანძილზე პირველად, უარი თქვა მონიტორინგის რაუნდში მონაწილეობაზე.
ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის შემდეგ იმედი გაჩნდა, რომ საქართველო დაუბრუნდებოდა ამ პროცესს, თუმცა ეს დღემდე არ მომხდარა. ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს შეფასება და გამოწვევების გამოვლენა სწორედ ანტიკორუფციული ბიუროსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ეს უწყებაა პასუხისმგებელი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე. საქართველოს მეოთხე წელია არ აქვს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ კორუფციასთან ბრძოლა ეროვნულ დონეზე ფაქტობრივად გაჩერებულია“, - ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„საქართველომ, ერთ დროს რეგიონში ანტიკორუფციული რეფორმების ჩემპიონმა ქვეყანამ, უარი განაცხადა მონიტორინგის მე-5 რაუნდში მონაწილეობაზე. OECD მოუწოდებს საქართველოს გადახედოს ამ გადაწყვეტილებას და ხელახლა შეუერთდეს კოლეგიალური შეფასების (peer review) პროგრამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გასაგრძელებლად,“ - აღნიშნულია OECD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, OECD ასევე მოუწოდებს ქვეყნებს, შეწყვიტონ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შევიწროება, დაიცვან ისინი მუქარისა და დევნისგან და უზრუნველყონ მათი ანტიკორუფციულ რეფორმებში ჩართულობა.
საქართველოს OECD/ACN-ის პროცესში დაბრუნებისკენ მოუწოდებს ევროკომისიაც. 2023 წლის ნოემბერში მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროკომისია საქართველოს მთავრობისგან მოელის OECD/ACN-ის მონიტორინგის პროცესიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და ასევე, წინა მონიტორინგის რაუნდების რეკომენდაციების სრულად განხორციელებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ევროკომისიის რეკომენდაცია, დაუბრუნდეს OECD/ACN-ის პროცესს და არ შეაფერხოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი“,- ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI)“; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“ და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC) აწერენ.