შს სამინისტრო გზებზე ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებაზე მუშაობს - რა წერია უწყების ანგარიშში

პარლამენტში ხვალ შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა მინისტრის ანგარიში, რომელსაც ხვალ დეპუტატები მოუსმენენ.

დოკუმენტში მათ შორის საუბარია, იმ პროექტებზე, რაც სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს განახორციელა.

„მნიშვნელოვანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, გამკაცრდა სანქციები სიჩქარის გადაჭარბებაზე, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე, ზამთრის საბურავების გარეშე მაღალმთიან რეგიონებში გადაადგილებაზე და ა.შ.

გამკაცრებული კანონის, გაზრდილი ჯარიმებისა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული არაერთი აქტივობის შედეგად, გასულ წელს სამი კვარტლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ იკლო. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მეოთხე კვარტალში ამ მიმართულებით არსებული სტატისტიკა გაუარესდა.

2023 წელს წინა წელთან შედარებით 2%-ზე მეტით გაიზარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა, (2022 წ. − 5469, ხოლო 2023 წ. − 5594).

3%-მდეა შემცირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა (2022 წ. – 7517; 2023 წ. − 7310 ), ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი (2022 წ. − 430, 2023 წ. − 442).

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტში შეიქმნა ახალი დანაყოფი − საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება, რომელიც სამომავლოდ უზრუნველყოფს ავტოსაგზაო შემთხვევების გამომწვევი მიზეზების დეტალურ ანალიზს, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირებასა და შემდგომში პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

თაია არდოტელი