საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, თბილისის ახალი შემოვლითი გზის პროექტირება მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე, სამინისტროს მთავარი აქცენტი მიმდინარე პროექტების დასრულებაა.
გარდა ამისა, როგორც ირაკლი ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი 17 კილომეტრიანი გზის ნაწილი ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე შეჩერებული 3 კილომეტრ-ნახევრიანი მონაკვეთის დასრულების პროექტისთვის კონტრაქტორ კომპანიას წელს შეარჩევენ.
„თბილისს შემოვლითი გზა ახლაც გააჩნია, რომელიც ინტენსივობიდან გამომდინარე, გამტარობით, მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. „ხედვა 20-30-ის“ ფარგლებში ახალი შემოვლითი გზის გეგმა გვაქვს და მისი პროექტირება მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი აქცენტი ამ ეტაპზე მიმდინარე პროექტების დასრულებაზეა, როგორიცაა, მაგალითად აღმოსავლეთ-დასავლეთ დერეფანი.
რაც შეეხება თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელ გზას, ის 17 კილომეტრიანია და 3-ნახევარი კილომეტრი ჯერ კიდევ ასაშენებელია. ამ ეტაპზე, აქტიური სამუშაოები არ მიმდინარეობს. ამ მიმართულებით ჩვენ გეგმა გვაქვს, რომ ამ წელს კონტრაქტორი კომპანია სატენდერო პროცედურით ავარჩიოთ. ძალიან ბევრი პროცედურაა გასავლელი, თუმცა წელს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.