„ავტოსკოლებში კოდირებით ასწავლიან თეორიას, პოტენციურ მკვლელებს ამზადებენ“ - აცხადებს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ავტოსკოლების გახსნას დღესდღეობით არანაირი ნებართვა და მოთხოვნა არ სჭირდება, შესაბამისად, არ ხდება მისი რეგულირება და ამას ძალიან ცუდი შედეგები მოაქვს ნებისმიერი მომავალი მძღოლისა და ზოგადად, სახელმწიფოსთვის.
„ავტოსკოლები უნდა დაემსგავსონ ავტოსკოლებს. დღეს მათ ყველანაირი სახე აქვთ დაკარგული, რადგან რეალურად არანაირი ნებართვა არ სჭირდება ავტოსკოლის გახსნას. ამით ხდება არაპროფესიონალების წახალისება. ხშირად ნახავთ ავტოსკოლებს ტანსაცმლის მაღაზიასთან ერთად, ან შეიძლება ერთ ადგილას ამზადებდნენ ქართულ/უცხო ენებში და ამავდროულად ჰქონდეთ ავტოსკოლა გახსნილი. იმდენად დაურეგულირებელია ეს საკითხი, რომ შეიძლება გაოცდეს ადამიანი“, - ამბობს დავით მესხიშვილი.
რესპონდენტი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში არსებული ავტოსკოლების დიდი ნაწილი თეორიას კოდირების მეთოდით ასწავლის, რასაც საბოლოოდ კატასტროფამდე მივყავართ.
„კოდირება არის მეთოდი, რომელიც ორიენტირებულია, რომ მოატყუოს საგამოცდო სისტემა და მოტყუებითვე ჩააბაროს ადამიანმა გამოცდა. ანუ ადამიანი იღებს მართვის მოწმობას ისე, რომ რეალურად არ გააჩნია თეორიული ცოდნა საგზაო ნიშნების და ზოგადად, მოძრაობის წესების შესახებ“, - განმარტავს დავით მესხიშვილი.
პრევენციის გზებთან დაკავშირებით, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუცილებელია ავტოსკოლებისთვის ლიცენზიების დაწესება, რათა ეს სფერო დარეგულირდეს, აღარ ჰქონდეთ არაპროფესიონალ და არაკეთილსინდისიერ ავტოსკოლებს სწავლების საშუალება და საბოლოოდ, თავიდან იქნას აცილებული მთელი რიგი ავტოსაგზაო შემთხვევები.
„ეს საქმიანობა მთელს მსოფლიოში უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და თავისთავად, ეს საქმიანობა ლიცენზირებულია. ზუსტად ეს იყო და არის ჩვენი მოთხოვნა. 10 წლის განმავლობაში გვქონდა მრავალი შეხვედრა და დავაარსეთ ავტოსკოლების ასოციაციაც, რომ ეს საქმე წინ წასულიყო. უნდა დაწესებულიყო და უნდა დაწესდეს ისეთი მოთხოვნები, რომელიც დაადასტურებს ავტოსკოლების კვალიფიკაციას.
ამ მიმართულებით საქმე ძალიან ნელა წავიდა. საერთოდაც, აქ კიდევ ერთი საკითხია - არ შეიძლება ერთი და იგივე რეფორმას ატარებდეს დავუშვათ შსს, რომ მან შეადგინოს პროგრამა ავტოსკოლებისთვის, ცდიდეს მძღოლის სტატუსის მაძიებელს, ჩაუტაროს გამოცდა და მისცეს მართვის მოწმობა. ფუნქციების გამიჯვნაა საჭირო, დიდწილად უნდა ერთვებოდეს განათლების სამინისტროც და შსს-მ ზედამხედველის როლი შეიძლება ითამაშოს. საბოლოოდ, სანამ რეფორმები არ გატარდება, გვექნება იმდენი ავტოსაგზაო შემთხვევა, რამდენიც გვაქვს.“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა „ბიზნესპრენსიუსთან“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2008-2023 წლებში 177 745 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაშავდა 121 997 და დაიღუპა 8 360 ადამიანი.