„სამეგრელოში შესაბამისი მოვლით შესაძლებელია თხილის მოსავლიანობის ორჯერ, ან სამჯერ გაზრდა“ - განაცხადა თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმარსულებელმა დირექტორმა, ლევან ქარდავამ რადიო „პალიტრისა“ და "პალიტრანიუსის" გადაცემაში „საქმე“.
ლევან ქარდავას თქმით, სახელმწიფოს მიერ დაწესებული სუბსიდია, რომელიც ჰექტარზე 500 ლარს გულისხმობს, სრულიად საკმარისია თხილის შესაწამლად, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსავლის ფაროსნების მიერ დაზიანება.
„ჰექტარზე 500 ლარი სრულიად საკმარისია შეწამლისთვის. ამ თანხით ნებისმიერი ფერმერი შეძლებს, რომ შესაბამისი რაოდენობით შესაწამლი საშუალებები შეიძინოს. რა თქმა უნდა, ეს თანხა სხვა ხარჯებს ვერ დაფარავს, მაგრამ თავის ფუნქციას შეასრულებს. ეს პროცესი უკვე კარგადაც კონტროლდება, ვინაიდან გამკაცრებულია მაღაზიების მონიტორინგი, რომ ყველა ფერმერმა კეთილსინდისიერად შეიძინოს ის აუცილებელი ქიმიკატები, რაც შესაწამლადაა საჭირო და არა დავუშვათ სხვადასხვა აგროტექნიკა“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.
ამის გარდა, რესპონდენტი ეხმაურება იმ ფაქტს, რომ წელს თხილის და კაკლის ადგილობრივი ექსპორტი 15%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 32%-ით გაიზარდა. მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა და აქვს იმის პოტენციალი, რომ გახდეს მსოფლიოსთვის თხილის ერთ-ერთი მსხვილი მომწოდებელი, რისი გეგმაც რეალურად არსებობს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია მოსავლის სწორი მოვლა და ყველაფრის წინასწარ გათვლა.
„დღესაც შეიძლება იმის განხორციელება, რომ ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორები ვიყოთ. საქართველო ინარჩუნებს ადგილს მსოფლიო ხუთეულში, მაგრამ წელს ჩავარდნა იყო, რაც გამოიწვია ამინდებმა და ფაროსანამ. ფაროსნების პრობლემა არ გამქრალა, სახელმწიფო წამლავს ტყეებს, სხვადასხვა საჯარო ტერიტორიებს, მაგრამ ის ვერ უზრუნველყოფდა კერძო ბაღების შეწამვლის სამუშაოებს, ამ მხრივ, სუბსიდია შეიძლება დადებითად შევაფასოთ“, - განაცხადა ლევან ქარდავამ.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ისაუბრა სამეგრელოს პოტენციალზე და აღნიშნა, რომ მოსავლის სწორი მოვლის შემთხვევაში, სრულიად შესაძლებელია, რომ მოსავლიანობა ორჯერ და სამჯერ გაიზარდოს, რაც თავისთავად დადებითად აისახება ექსპორტსა და ადგილობრივ წარმოებაზე.
„სამეგრელოში შეიძლება მოსავლიანობა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ, თუნდაც შემდეგ სეზონზე. აქ გვაქვს მჟავიანი მიწის პრობლემა, ამიტომ საჭიროა მიწის კირით დამუშავება. სწორი აგრომიდგომებით შეიძლება, რომ თხილის მოსავალი ორჯერ და სამჯერაც კი გაიზარდოს. ფაროსანა თხილს 10-15%-ით აზიანებს და უნდა ითქვას ისიც, რომ მაგალითისთვის, სწორად მოვლილ თხილის ბაღებში, მოსავლიანობა 40-45%-ია, ხოლო არასწორად მოვლილ და მოუვლელ ბაღებში 30%-ის ფარგლებშია“, - აღნიშნა ლევან ქარდავამ.