საქართველო-საბერძნეთის მატჩისთვის ბილეთების გაყიდვა 12 საათიდან დაიწყო. 21 მარტს, ლუქსემბურგის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, როგორც ჩანს, მატჩზე დასწრების მსურველთა რაოდენობა კიდევ უფრო დიდია, რადგან ონლაინ-ბილეთის შეძენა არც ისე მარტივ საქმეს წარმოადგენს.
ბილეთის შეძენის მოლოდინის დრო 1 საათზე მეტია, ხოლო რიგში 92 050 ადამიანი დგას - ასეთია საიტის გახსნის მომენტიდან 5 წუთის განმავლობაში არსებული მდგომარეობა.
როგორც ცნობილია, თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. ბილეთების შეძენისას კი თითოეული ბილეთისთვის უნდა მიუთითოთ: ბილეთის მფლობელის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა (არასრულწლოვანის შემთხვევაში - მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება. სწორედ აღნიშნული საფინალო თამაში გადაწყვეტს, ევროპის ჩემპიონატზე რომელი გუნდი იასპარეზებს.