დღეს, 26 მარტს საქართველოს ნაკრები საბერძნეთს ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უმასპინძლებს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის გუნდი დაამარცხა და ევრო-2024-ის საგზური მოიპოვა, უეფასგან 9.25 მლნ ევროს მიიღებს. სწორედ ეს თანხა აქვს ორგანიზაციას გამოყოფილი თითოეული ნაკრებისთვის.
ამასთან, უეფა-ს ცნობით, ფეხბურთის 24 გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, 331 მილიონ ევროს გადაუხდის. თუმცა მათგან უეფა 2,4 მლრდ ევროს კომერციულ მოგებას ელის.
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, უეფასგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს მიიღებს.
კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.
შეგახსენებთ, რომ საქართველომ თბილისში ლუქსემბურგს 2:0 მოუგო. შემდეგი დაპირისპირება მას საბერძნეთთან, დღეს 26 მარტს კვლავ თბილისში მოუწევს. თამაში 21 საათზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატი კი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.