მსოფლიო ბაზარზე სექტემბრისთვის რებუსტას ყავის გლობალური მიწოდების 20%-ით კლებას ვარაუდობენ. ამის მიზეზი მთავარ ექსპორტიორ ქვეყანაში, ვიეტნამში, გვალვის გამო, პროდუქციის წარმოების შემცირებაა.
საქართველოში ყავის იმპორტიორი ძირითადი ქვეყნებია ინდონეზია, ვიეტნამი, რუსეთი, იტალია და გერმანია. ვიეტნამის წილი საქართველოში ყავის იმპორტში დაახლოებით 17.8%-ია, რითაც ის საქართველოში მეორე ყველაზე მსხვილი ყავის იმპორტიორი ქვეყანაა.
მიუხედავად შემცირებული წარმოებისა, 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ვიეტნამიდან საქართველოში მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 40%-ით არის გაზრდილი. გასულ წელს თუ 651 ათასი დოლარის 307 ტონა ყავა შემოვიდა ქვეყანაში, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტირებულია 908 ათასი დოლარის 327 ტონა.
ამასთანავე, გასულ წელს ვიეტნამიდან 1 კგ მოხალული ან მოუხალავი ყავის იმპორტი 2.1 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს - 2.8 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ ვიეტნამიდან ყავის იმპორტი 33%-ით გაგვიძვირდა.
რაც შეეხება ყავის მთლიან იმპორტს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ დროსთან შედარებით, ყავის იმპორტი 40%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოში იმპორტირებულია 5,108 მლნ დოლარის 1,351 ტონა მოხალული ან მოუხალავი ყავა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში - 3,651 მლნ დოლარის 1,035 ტონა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოს 2023 წლის პირველ ორ თვეში 1 კგ ყავის იმპორტი საშუალოდ, 3.53 დოლარი უჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წელს 3.78 დოლარი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოს ყავის იმპორტი 7.1%-ით გაუძვირდა.