საქართველოში მსესხებლების 10,1%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2024 წლის თებერვლის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 194 745 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 375 137-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 128 678 396 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მსესხებელთა რაოდენობა 220 ათასის ფარგლებში მერყეობდა. შედარებისთვის, 2023 წლის იანვარში 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება - 224 016 პირს უფიქსირდებოდა, 2023 წლის აგვისტოში - 221 602 პირს; 2023 წლის დეკემბერში კი - 201 047 მსესხებელს.
საერთო ჯამში, თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 928 017 ადამიანს აქვს, ჯამში 44 097 247 574 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.7% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, თებერვლის მდგომარეობით, ბანკებიდან 40 151 246 714 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 578 357 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.4%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 99 505-ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 756 029 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 361 850 227 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 113 395 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 19 998 ადამიანს კი, ჯამში 584 150 633 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 4 753 ადამიანს უფიქსირდება.