ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა, გერმანია ზაფხულისთვის არცერთ ახალ სტადიონს, აეროპორტს, ფართომასშტაბიან სატრანსპორტო კვანძს თუ ავტობანს არ ააშენებს. Forbes Sport წერს, რომ გერმანელებს ეს ყველაფერი უკვე აქვთ.
გამოცემის შეფასებით, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პროცესი მსგავსი საფეხბურთო ტურნირებისადმი სხვა ქვეყნების მიდგომისგან შესამჩნევად განსხვავდება.
მიზეზი ის არის, რომ მომავალი ტურნირი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში მეორე მსხვილი საშინაო შეჯიბრია. კერძოდ, გერმანელებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს და სხვა 9 ქვეყანასთან ერთად ისინი “ევრო 2020-ის” ორგანიზებაშიც მონაწილეობდნენ. სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რომელსაც გერმანია მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოიყენებს.
კერძოდ, ზაფხულის მატჩები ათი ქალაქის არენაზე გაიმართება. ეს არის ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, კიოლნი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი და დიუსელდორფი. მხოლოდ ეს უკანასკნელი არ იყო იმ ქალაქებს შორის, რომლებმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლეს. ყველა სხვა ლოკაციის არენაზე 18 წლის წინ ტურნირის თამაშები გაიმართა. თუმცა დიუსელდორფის სტადიონი, Merkur Spiel Arena-ც კი არ აშენებულა სპეციალურად “ევრო 2024-ისთვის” და ის ჯერ კიდევ 2004 წელს გაიხსნა.
გერმანელებმა გულშემატკივრების განსათავსებელი ობიექტების ფართომასშტაბიან მშენებლობაზეც თქვეს უარი, რომლებიც ქვეყანას ზაფხულში უნდა ესტუმრნონ. ჩემპიონატისთვის არცერთ ქალაქში არ გახსნილა ახალი აეროპორტი ან მატარებლის სადგური და მზადება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის კოსმეტიკური გაუმჯობესებით შემოიფარგლებოდა.
“გერმანიაში ასეთი ზომები მკვეთრად ეწინააღმდეგება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსხვილი საფეხბურთო ტურნირების წინ გრანდიოზული სამშენებლო პროექტების ჩვეულ ისტორიებს… ალბათ, ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატი გვექნება,” - წერს Forbes Sport.
გამოცემას შედარებისთვის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოჰყავს, რომელიც ყატარში ჩატარდა. ქვეყანაში ჩემპიონატისთვის ათობით კილომეტრი გზატკეცილი, სამი მეტროს ხაზი, აეროპორტი და დოჰადან 15 კილომეტრში პატარა ქალაქიც კი აშენდა, სახელწოდებით, “ლუსაილი.” ქვეყნის უდიდესი არენა სწორედ ამ ქალაქშია. ამასთან, რვა სტადიონიდან შვიდი ნულიდან აშენდა და რეკონსტრუქცია მხოლოდ ერთს ჩაუტარდა. ყატარის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ყველაზე ძვირი გახდა. პორტალ Front Office-ის შეფასებით, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის მთლიანმა ხარჯმა 200 მლრდ დოლარს გადააჭარბა.
თუმცა, Forbes Sport წერს, რომ საფეხბურთო არენებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის არსებობის მიუხედავად, გერმანიამ ხარჯი სრულად მაინც ვერ აიცილა. კერძოდ, ცალკეული რეგიონების ხელისუფლებებს, რომლებიც “ევრო 2024-ის” უშუალო მასპინძლები არიან, ტურნირისთვის მზადება და ფინანსების განაწილება დაევალათ. იმ 10 რეგიონიდან, სადაც სტადიონებია, თითოეულმა ევროპის ჩემპიონატის ხარჯი უკვე განსაზღვრა.
ბერლინის ოლიმპიური სტადიონი ექვს მატჩს, მათ შორის, ფინალს უმასპინძლებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთლიანობაში, დაახლოებით, 80 მლნ ევრო გამოყო, რომლის უმეტესი ნაწილი არენის განახლებას მოხმარდება. ახალ ტაბლოზე, ტუალეტების რაოდენობის გაზრდაზე, შშმ პირთა ადგილებსა და wi-fi სისტემაზე 17 მლნ ევრო დაიხარჯება.
სხვა ხარჯის დიდი ნაწილი ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ფან-ზონების მოწყობას მოხმარდება. რამდენიმე რეგიონს ხარჯი გაეზარდა კიდეც. მაგალითად, ბერლინს “ევრო 2024-ის” ბიუჯეტის 19 მლნ ევროთი გაზრდა მოუწია, ჰამბურგმა ბიუჯეტი 5 მლნ ევროთი გაზარდა, თუმცა ამის საპირისპიროდ მიუნხენი ყველაზე გამორჩეული აღმოჩნდა, რომელმაც ბიუჯეტი 27-დან 21 მლნ ევრომდე შეამცირა. ადგილობრივი მედია წერდა, რომ სახსრების ეკონომია მარკეტინგის ხარჯის შემცირებამ, ასევე, საქალაქო ტრანსპორტის განახლებასა და სამრეწველო კომუნიკაციების გაუმჯობესებაზე უარის თქმამ განაპირობა.
გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტის მონაცემებით, ზაფხულში გერმანიას ფეხბურთის 650,000 გულშემატკივარი ეწვევა, რაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასულ 420,000 სტუმარს საგრძნობლად აღემატება. თუმცა, ინსტიტუტის პროგნოზით, გულშემატკივრების დიდი ინტერესისა და დაბალი ხარჯის მიუხედავად, ტურნირის მასპინძლობისგან ფინანსური სარგებლის მიღება რთული იქნება, რადგან უკრაინის ომის შედეგად ენერგეტიკაზე ფასების ზრდის გამო გერმანიის ეკონომიკა ზედიზედ მეოთხე კვარტალია, უარესდება. ამასთან, წლევანდელ ზაფხულში გულშემატკივრები არ იქნებიან ისეთი გადახდისუნარიანები, როგორიც 2006 წლის ზაფხულში იყვნენ და ფეხბურთის ტელევიზორში ყურებას ამჯობინებენ. ეკონომიკის ინსტიტუტის პროგნოზით, წლის ბოლომდე ქვეყნის მშპ 0,5%-ით შემცირდება, რასაც “ევრო 2024” ხელს ვერ შეუშლის.
“მართალია, ფასები გაიზრდება და ასიათასობით გულშემატკივარი ჩამოვა, მაგრამ სასტუმროს პირობითი ნომერი მხოლოდ ერთხელ ერთ თარიღზე გაქირავდება. შესაბამისად, ტურნირი ეკონომიკური ზრდის სტიმული ვერ გახდება,“ - წერია ინსტიტუტის ანგარიშში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ