Wizz Air-ი არაერთი მიმართულებით გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ფრენებს აუქმებს - ამის შესახებ მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.
მგზავრების ნაწილმა ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება ფრენის გაუქმების შესახებ უკვე მიიღო. ამ ეტაპისთვის ფრენები სხვადასხვა პერიოდში გაუქმდა ლარნაკის, სალონიკის, ათენის, ვენის, მადრიდისა და მილანის მიმართულებით.
გარდა ფრენების გაუქმებისა, მომხმარებლებს პრობლემა შეექმნათ ავიაკომპანიის აპლიკაციით სარგებლობისას, კერძოდ, მგზავრები ვერ ახერხებენ ფრენის თარიღის გადაცვლას.
„ბიზნესპრენიუსი“ დაუკავშირდა Wizz Air-ს ფრენის გაუქმების მიზეზების დასადგენად. ავიაკომპანიაში განგვიცხადეს, რომ ცვლილებები ყოველ ზაფხულს ხორციელდება და აღნიშნულიც ამის ნაწილია.
„ზოგადად ზაფხულის სეზონზე ცვლილებები ყოველ წელს არის, შარშან და შარშანწინაც იყო“, - გვითხრეს ავიაკომპანიაში.
კითხვაზე, რა ფორმით დაუბრუნდებათ მომხმარებლებს გაუქმებული ბილეთის თანხა, ავიაკომპანიაში განმარტავენ: „ყველა მომხმარებელს მისდის შეტყობინება მეილზე, სამი შეთავაზებაა: თარიღის გადაცვლა, თანხის დაბრუნება ანგარიშზე ან თანხის 120% დაბრუნება ვიზეარის ბალანსზე. მომხმარებლები ირჩევენ ერთ-ერთს“, - ამბობენ Wizz Air-ში.
შეგახსენებთ, ავიაკომპანიას პრობლემა შეექმნა Airbus-ის თვითმფრინავებში დაყენებული Pratt & Whitney-ის ძრავებთან დაკავშირებით, რის გამოც გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით ათობით ფრენა შეწყვიტა.
იხილეთ ასევე: Wizz Air-ის ბილეთების ფასი 50%-ით გაიზარდა - როგორ აისახება ეს ტურისტულ კომპანიებზე