ჩინეთის რაკეტების მწარმოებელი კომპანია Space Epoch-მა მუშაობა დაიწყო Alibaba-ს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა TaoBao-სთან, რათა შექმნას მრავალჯერადი გამოყენების რაკეტები გაყიდული პროდუქციის გლობალურ მასშტაბებზე მიწოდებისთვის. ამ გზით შესაძლებელი იქნება, რომ მყიდველმა პროდუქტი 1 საათში მიიღოს.
პროექტი ადრეულ საცდელ ეტაპზეა და იგი მიზნად ისახავს რომ შექმნას ისეთი რაკეტა, რომელსაც ათ ტონამდე ტვირთის გადატანა შეუძლია 120 კუბურ-მეტრიან კონტეინერში.
პეკინში დაფუძნებული Space Epoch აღნიშნული მიზნის მისაღწევად, Yuanxing-1-ს იყენებს, რომელმაც გასულ წელს დაასრულა ტესტირება. კომპანია უახლოეს მომავალში განახორციელებს ახალ ტესტებსა და პრაქტიკულ ცდებს და აღნიშნავს, რომ მიზნების მიღწევა მოკლევადიან პერიოდში მარტივი არ იქნება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინური კოსმოსური კომპანიები ეტაპობრივად ძალიან ვითარდებიან. ამაზე მიუთითებს 2023 წლის მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს 17 ჩინური კომერციული რაკეტის გაშვება განხორციელდა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო წარუმატებელი.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სტრატეგიული ინდუსტრიების გაფართოების სურვილი გამოთქვა, რაც ასევე მოიცავს კომერციულ კოსმოსურ სექტორს, რომლის განვითარებაზე აშშ და რუსეთი უკვე დიდი ხანია მუშაობენ.