"სოხუმი ნაგავს მიაქვს, ტერიტორია გასაწმენდია" - რატომ არ სუფთავდება სოხუმის დროებითი ნაგავსაყრელი

სოხუმში, ყოფილი ტაქსოპარკის შესასვლელი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გროვადაა ქცეული, სადაც უკვე 5 წელია, რაც ნაგავს ყრიან. ჯერ კიდევ 2018 წლის დე ფაქტო ხელისუფლებამ დახურა სოხუმის საქალაქო ნაგავსაყრელი და გადაწყვიტა, რომ იგი გალში გადაეტანა, მაგრამ არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ჯერ დაგროვებით და შემდეგ გადატანით.

ტაქსოპარკის ნაგავსაყრელად გადაკეთებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის მთავარი სანიტარი, ალი ბელიაევა ამბობს, რომ ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც კორპუსებისგან მოშორებით მდებარეობს და ამავდროულად, ასფალტირებული შემოღობილი ტერიტორიაა.

როგორც ცნობილია, თავდაპირველად ნაგავი მართლაც მიჰქონდათ გალში, მაგრამ დროთა განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, ნაგვის დროებით გასაჩერებელი ადგილი სრულფასოვან ნაგავსაყრელად გადაიქცა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სოხუმში ყოველდღიურად 2000 კუბურ მეტრამდე ნაგავი გროვდება.

დე ფაქტო მთავრობა სოხუმის მაცხოვრებლებს პირდება, რომ ნაგავს 3-4 თვის განმავლობაში გაიტანს ტერიტორიიდან, მაგრამ მოსახლეობა ამ დაპირებას სრულ სიცრუეს უწოდებს, რადგან ნაგვის სიმრავლიდან გამომდინარე, მათი თქმით, შეუძლებელია, რომ ნაგავი 3-4 თვეში გაიტანონ.

ამ ეტაპზე, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც სოხუმის მაცხოვრებლებს გააჩნიათ, ისაა, რომ ნაგავი რამენაირად ზაფხულამდე გაიტანონ, რადგან მათ კარგად ახსოვთ წინა წლის ზაფხულის თვეები, როდესაც ნარჩენების გაუსაძლისი სუნის გამო, კორპუსების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ბაჩანა ტყემალაძე