ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში ჩინეთოდან საქართველოში 5.212 მლნ დოლარის ღირებულების მანქანა შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 80.3%-ით აღემატება, 2023 წლის ორ თვეში აზიის ამ ქვეყნიდან საქართველომ 2.890 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა. ამასთან, 658.5%-ით გაიზარდა იმპორტი 2022 წელთან შედარებით, მაშინ იანვარ-თებერვალში საქართველოში ჩინეთიდან 687.2 ათასი დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა.
ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდას საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაძე რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს და აცხადებს, რომ „ახლა ქართული ავტობაზარი ჩინურ მანქანებს ტესტავს, თუ გაამართლებს, მათი რიცხვი ქვეყანაში გაიზრდება“.
„ჩინეთი ძალიან მზარდია ნამდვილად და ნაწილობრივ ხდება ბაზრის გადაფასება და დივერსიფიცირება. უფრო იაფი ბაზრების მოძიება ხდება, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ეს პროცესი, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ამ ქვეყანასთან და ეს ამითაცაა განპირობებული. ჩინური ელექტრო ავტომობილების ბაზარი მთელს მსოფლიოში იზიდავს მყიდველს.
დღესდღეობით ბაზრის მოთელვა და გატესტვა ხდება. იმპორტიორი ფაქტობრივად სინჯავს ახალ ჩინურ მანქანებს. ეს სტანდარტული პროცესია და ხშირად ხდება მთელ რიგ მანქანებზე. ეს იმისთვის ხდება, რომ ვნახოთ, ექსპულატაციაში რამდენად გამომდგარი იქნება ავტომობილი. ჩინური ავტომობილების მიმზიდვფელობასაც სწორედ მათი ინოვაციურობა და გარკვეულ წილად ფასიც წარმოადგენს. ნამდვილად არ არის ჩინური მანქანის შეძენა იაფი, მაგრამ სხვა ახალ ავტომობილებთან შედარებით, ამ მხრივ უპირატესობას იძენს.“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.