წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია,- ამის შესახებ ომბუდსმენის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებოა ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თბილისის (ორხევის) საცხოვრისებში არსებული პირობები.
„წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია, საცხოვრისების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ადეკვატურობის საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტებს და, რიგ შემთხვევებში, იქ ცხოვრება სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველადაც კი შეიძლება ჩაითვალოს.
მუნიციპალიტეტებისგან დამოუკიდებლად შექმნილი სოციალური საცხოვრისების უმეტესობა არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობებშია განთავსებული. ოზურგეთის, ქუთაისის, გორისა და თბილისის სოციალური საცხოვრისების არასათანადო საცხოვრებელი პირობები ასევეა აღწერილი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებში.
განსაკუთრებით კრიტიკულია ვითარება გორის მუნიციპალიტეტში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში განთავსებულ საცხოვრისში. საცხოვრისში კვლავ უკიდურესად მწვავე სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებია, გაყვანილი არ არის კანალიზაციის და დრენაჟის სისტემები, საერთო ჯამში კი, შენობა საცხოვრებლად უვარგისია. საყურადღებოა ისიც, რომ შენობის მე-2 სართულზე ფუნქციონირებს დაწესებულება, რომელიც ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური პროგრამის (ე.წ. მეტადონის პროგრამა) ბენეფიციარებს სერვისს აწვდის. საცხოვრისის მცხოვრებთა განმარტებით, დაბინძურებულ გარე და შიდა პერიმეტრთან და უსაფრთხო გარემოს არარსებობასთან ერთად, ეს ფაქტორი უარყოფით გავლენას ახდენს მათზე, განსაკუთრებით კი - ბავშვებზე.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ გორის სოციალურ საცხოვრისში მყოფი პირების განსახლება და მათი ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
არასათანადო პირობებია ქუთაისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩის №18, ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში განთავსებულ საცხოვრისში. აქ არ არის კანალიზაცია, სველი წერტილები და ბუნებრივი აირი. საცხოვრებელ ოთახებში ჩამოდის წვიმა, ფანჯრების უმეტესობა ჩამტვრეულია.
გარემონტდა 2023 წლის იანვრის სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული, ქუთაისში, ნიკეას №40 გ-ში მდებარე სოციალური საცხოვრისის სახურავი. თუმცა საცხოვრისში არსებული მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება - შენობა ამორტიზებულია, ობიექტს არ გააჩნია საცხოვრებლისთვის აუცილებელი პირობები, გაუმართავია სადრენაჟო სისტემა. ოზურგეთისა და სოფელ მერიის საცხოვრისების ძირითადი პრობლემაა გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა, წვიმისგან დატბორილი სარდაფები, დაზიანებული ფასადების გამო ნესტიანი საცხოვრებელი ოთახები, სადაც ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვები, შშმ პირები და ომის ვეტერანები ცხოვრობენ.
დადებითად უნდა შეფასდეს, თბილისში, ორხევში, მუხაძის ქ. №12-ში მდებარე სოციალური საცხოვრისის არასათანადო პირობებისა და შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილება საცხოვრისში მცხოვრები ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის თაობაზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ მერია გეგმავს, ორხევში მცხოვრებ ბენეფიციარებს საცხოვრებელი ფართების სარგებლობის უფლებით გადასცეს“,- აღნიშნულია ანგარიშში.