იმის ფონზე, რომ აბიტურიენტები მისაღებ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირდებიან, დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ელგუჯა მელაძე „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემა „საქმეში“ ასახელებს იმ პროფესიების ჩამონათვალს, რომელიც ბაზარზე ყველაზე დეფიციტური და საკმაოდ მაღალანაზღაურებადია.
„ბიზნესს მშენებლობის სფეროში კონსტრუქტორებთან, ინჟინრებთან და არქიტექტორებთან ერთად სჭირდება სამშენებლო მასალის სპეციალისტები, ასევე ის პირები, რომლებიც სამშენებლო ოპერაციების წარმართვაში იღებენ მონაწილეობას, მაგალითად, აგურის დამწყობელი, ტექნიკის ოპერატორები და ა.შ. დღეს ძალიან ბევრი ინოვაცია შემოვიდა სამშენებლო და სოფლის მეურნეობის სექტორებში. მათ სპეციალური განათლება სჭირდებათ, ნებისმიერი მას ვერ მართავს.“, - ამბობს ელგუჯა მელაძე.
ჩამოთვლილი პროფესიების გარდა, როგორც მელაძე აცხადებს, ახალგაზრდებში იზრდება სიმპატიები მივიწყებული პროფესიების მიმართ და რეალურად მათ მიუწვდებათ ხელი უფასო განათლებაზე, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და ნამდვილად წაადგებათ შრომით ბაზარზე თავის დამკვიდრებაში.
„საჭიროა კადრები კვების მრეწველობაში, ენერგეტიკაში, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების კუთხით და ა.შ. ამ მიმართულებების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი მზარდია და ყველამ უნდა იცოდეს, რომ პროფესიული განათლება, სამუშაოს მაძიებლისთვის არის სრულიად უფასო. მას სახელმწიფო აფინანსებს, ვინაიდან ხელისუფლებას კარგად აქვს გათავისებული და გააზრებული, თუ რა გამოწვევები არსებობს ჩვენს შრომით ბაზარზე“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ „რადიო პალიტრის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტზე, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსის კვლევის თანახმად, ბიზნესის 67% საუბრობს და ეს პრობლემა უკვე მრავალი წელია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დაუძლეველია.