ქვეყანას კორუფციით გამდიდრებული, მდიდარი ელიტა მართავს. მე მინდა გკითხოთ, უმრავლესობის წევრებს, რა გახდა უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში, როდესაც ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას არ ესმის დედების, რომლებსაც შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ.
„პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს, მათ შორის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს, განსაკუთრებით ქომაგებს, ვისი წვლილიც არის ისტორიული მატჩის მოგება.
ძალიან დიდი წარმატება მინდა ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! მთავარი საკითხი, რაზეც დღეს მინდა ვისაუბრო, არის ისევ ბავშვების შიმშილი ამ ქვეყანაში. რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილის პარტიის კორუმპირებულმა თავმჯდომარემ, ორჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებს გამოგვიცხადა, რომ მისი პენსიონერი მამა რამდენიმე ათეული მილიონის მფლობელი გამხდარა. ამ განცხადებით, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არასოდეს ყოფილა საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ის რომ ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი 2012 წლიდან დღემდე იყო ტოტალური კორუფცია, ვიწრო წრის გამდიდრება საქართველოს მოქალაქეების ხარჯზე.
ივანიშვილის პარტიის მმართველობის 12 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ორი საქართველო - კოლექტიური ღარიბაშვილები, რომლის ოჯახის წევრებიც საეჭვოდ მდიდრდებიან და მეორე - საქართველოს მოქალაქეები, გაუბედურებული საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყანას ტოვებენ უმუშევრობის გამო, ტოვებენ გაძვირებული ფასების გამო, მიდიან ემიგრაციაში და იქიდან ცდილობენ საკუთარი შვილების რჩენას.
მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტიის მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, მე მინდა გაგაცნოთ „საქსტატის“ 2023 წლის მონაცემები, ბავშვებთან დაკავშირებით. „საქსტატის“ მონაცემების მიხედვით, სკოლებში, ბავშვების 72 პროცენტზე მეტი იშვიათად ან მხოლოდ ზოგჯერ იკვებება, 89 პროცენტი ვერ დადის ხელოვნების წრეებზე, 87 პროცენტი ვერ დადის სპორტულ წრეებზე, 63,7 პროცენტი განიცდის მატერიალურ ან სხვა სახის დანაკლისს, 16 პროცენტს ხელი არ მიუწვდება წიგნებზე! - ეს მაშინ, როდესაც ქვეყანას კორუფციით გამდიდრებული, მდიდარი ელიტა მართავს! ახლა მე მინდა გკითხოთ უმრავლესობის წევრებს, რა გახდა უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში? როდესაც ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს სკოლებში შიათ. ჩვენ ბავშვების შიმშილობის ყოველდღიური მოწმეები ვართ და მათთან ერთად გვტანჯავს შეურაცხყოფის განცდა! აი ეს მშობლებისა და პედაგოგების წერილიდან ამონარიდი, რომელიც პედაგოგებმა გაუგზავნეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და კიდევ ერთხელ ითხოვეს უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში. ხელისუფლებას არ ესმის მშიერი ბავშვების, ხელისუფლებას არ ესმის მშობლების, რომლებიც უმუშევრობის, გაძვირებული ფასების და გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ტოვებენ ამ ქვეყანას და მიდიან ემიგრაციაში, ტოვებენ შვილებს!
ხელისუფლებას არ ესმის დედების, რომლებსაც შვილების დატოვება და ემიგრაციაში წასვლა უწევთ! არ ესმით პედაგოგების, რომლებიც უკვე წლებია ითხოვენ, რომ სახელმწიფომ დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში. სამაგიეროდ ხელისუფლება იცლის ანტიდასავლური პროპაგანდისთვის. სამაგიეროდ ხელისუფლება იცლის, რომ გამოგონილი შეთქმულების თეორიებით მოატყუოს საზოგადოება. სამაგიეროდ ხელისუფლება იცლის იმისთვის, რომ ბრძოლა გამოუცხადოს ქალებს და ნაცვლად იმისა, რომ აღიარებდნენ დღეს, პრიორიტეტი გენდერული კვოტების გაუქმება კი არ უნდა იყოს პარლამენტში საქართველოს ხელისუფლებისთვის, არამედ ქალების მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის იმ დედების, ქვეყანაში დაბრუნება რომ სურთ, რომლებიც ემიგრაციაში არიან წასული, რათა საკუთარი შვილები არჩინონ.
საქართველოს მოქალაქეებს არ სჭირდებათ გამოგონილი შეთქმულების თეორიები და პრობლემები, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ პასუხი კითხვაზე - რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს დაიწყოს უფასო კვების პროგრამის განხორციელება სკოლებში. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, გარდა განცხადებებისა, იმისათვის რომ სკოლებში ბავშვები არ შიოდეთ?!“ - განაცხადა ანა წითლიძემ.