"გერმანელებს ძლიერი ლუდი აქვთ და ზომიერად სვით, თორემ სტადიონზე არ შეგიშვებენ"

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ფეხბურთის ინგლისელ და შოტლანდიელ გულშემატკივრებს აფრთხილებს, რომ „ევრო 2024-ის“ განმავლობაში გერმანიაში ლუდის მოხმარება შეზღუდონ, რადგან გერმანული სასმელი „შესაძლოა, ბრიტანულზე უფრო ძლიერი აღმოჩნდეს.“ ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჩემპიონატი გერმანიაში ივნისში იწყება და ექსპერტების შეფასებით, ტურნირის გარკვეულ ეტაპზე გერმანიას შესაძლოა, 55-დან 80 ათასამდე ფეხბურთის ინგლისელი გულშემატკივარი ეწვიოს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის ვებგვერდზე გულშემატკივრებს ურჩევს, ინგლისი-სერბეთის მატჩის წინ, რომელიც 16 ივნისს გელზენკირხენში გაიმართება, სასმელს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ადგილობრივი კანონები გაითვალისწინონ, რადგან ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარების გამო ისინი შესაძლოა, სტადიონზე არ შეუშვან.

„გერმანული ლუდი შესაძლოა, უფრო ძლიერი აღმოჩნდეს, ვიდრე ის დიდ ბრიტანეთშია, ამიტომ დალიეთ პასუხისმგებლობით, დალიეთ ზომიერად და პატივი ეცით ადგილობრივ კანონებს. თუ მეტად ბევრს დალევთ, შესაძლოა, სტადიონზე არ შეგიშვან,“ - წერია გაფრთხილებაში.

უწყება, ასევე, ურჩევს გულშემატკივრებს, მატჩებზე ბილეთი მხოლოდ ოფიციალური მიმწოდებლებისგან იყიდონ.

„ბილეთები ელექტრონული იქნება და შესვლისას მათი შემოწმებისთვის მობილური ტელეფონი დაგჭირდებათ. გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ თქვენი ტელეფონი დატენილია. ამასთან, გაითვალისწინეთ როუმინგის საფასური გერმანიაში და გამგზავრებამდე ტელეფონის პროვაიდერთან გადაამოწმეთ. მატჩის ბილეთი, რომელიც არაოფიციალური წყაროებიდან იქნება შეძენილი, შესაძლოა, ყალბი გამოდგეს. ასევე, თუ ბილეთებს არაოფიციალურად გაყიდით, შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაგემუქროთ,“ - წერია შეტყობინებაში.

The Independent-ის ცნობით, გერმანიაში ფეხბურთის გულშემატკივრებს უფლება აქვთ, ალკოჰოლი, როგორც წესი, მატჩების დროს, თავიანთ სკამებზე მოიხმარონ. თუმცა მასზე აკრძალვა ბუნდესლიგის ზოგიერთი მაღალი რისკის მატჩისთვის უპრეცედენტო არ ყოფილა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ