2023 წელს საქართველოს რეზიდენტების მიერ განხორციელებული გასვლითი ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 33%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო 5%-ით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მაჩვენებლებთან შედარებით. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული.
მონაცემების თანახმად, 2023 წელს ქართველი ვიზიტორების თითქმის ნახევარმა დანიშნულების ადგილად აირჩია თურქეთი (43%), რომელსაც მოსდევდა სომხეთი (15%), ევროკავშირი (14%) და რუსეთი (12%).
რაც შეეხება გამსვლელი ვიზიტორების დანახარჯებს 2023 წელს 2.0 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 2%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით.
ამასთან, ცვლილებები შეიმჩნევა დანახარჯების განაწილებაში, კერძოდ, საყიდლების წილი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო კვების წილი შემცირდა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო საყიდლები (მთლიანი ვიზიტების 35%), რასაც მოსდევდა მეგობრების ან ნათესავების მონახულება (32%).
აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებით შემცირდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთაც მთავარ მიზანსაც წარმოადგენდა პროფესიული ვიზიტები (-6 %) და მეგობრებისა ან ნათესავების მონახულება (-4%).