კარიბის ზღვის „ოქროს პასპორტები“ ძვირდება. კერძოდ, 30 ივნისიდან დომინიკელთა რესპუბლიკა, ანტიგუა და ბარბუდა, გრენადა, სენტ-კიტსი და ნევისი დოკუმენტის ღირებულებას 200 ათას დოლარამდე გააორმაგებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ქვეყნები, ასევე, აპირებენ აღმოფხვრან ხარვეზები, რომლებიც „ოქროს პასპორტის“ ფასდაკლებით გაყიდვის საშუალებას იძლევა.
„ოქროს პასპორტის“ მიღების წესს კუნძულოვანი სახელმწიფოები აშშ-ისა და ევროკავშირის მუდმივი ზეწოლის ფონზე ამკაცრებენ.
ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების პროგრამას კარიბის ზღვის ქვეყნებისთვის წელიწადში 579 მლნ დოლარზე მეტი მოაქვს, ხოლო ბიუჯეტში ამ პროგრამით შესული თანხა რეგიონის ზოგიერთი სახელმწიფოსთვის ეროვნული შემოსავლის ნახევარზე მეტს შეადგენს.
„ოქროს პასპორტის“ ადგილობრივ პროგრამებს ევროპული და ამერიკული მარეგულირებლები ყურადღებით აკვირდებიან. მათ შეშფოთებას ის იწვევს, რომ სქემას ხშირად საიმიგრაციო კონტროლის ასარიდებლად და „კრიმინალების თავშესაფრად“ იყენებენ, რადგან „ოქროს პასპორტი“ ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას უზრუნველყოფს.
ევროკავშირის შარშანდელ მოხსენებაში წერია, რომ კარიბის ზღვის ხუთმა ქვეყანამ ამ საინვესტიციო პროგრამებით მოქალაქეობა, მინიმუმ, 88 000 ადამიანს, მათ შორის, ბევრ ჩინელს, რუსს და ნიგერიელს მიანიჭა.
ამასთან, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამებით კრიმინალებს შეუძლიათ, „ფართომასშტაბიანი თაღლითობა ჩაიდინონ და კორუფციიდან, ასევე, დანაშაულებრივი გზით მიღებული მილიარდობით დოლარის შემოსავალი გაათეთრონ.”
ანტიგუაში დაფუძნებულ კომპანია Apex Capital Partners-ის მონაცემებით, კარიბის ზღვის პასპორტებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. კერძოდ, წლის პირველ ორ თვეში ინტერესი, თითქმის, 300%-ით გაიზარდა, რასაც კომპანია ბიტკოინისა და სხვა ტოკენების ზრდას უკავშრებს. ამასთან, პროგრამაში მონაწილეობენ აშშ-ის მოქალაქეებიც, რომლებიც გეოპოლიტიკური რყევებისგან დასაცავად მეორე პასპორტს იღებენ.
კარიბის ზღვის ქვეყნები, ასევე, შეთანხმდნენ “ოქროს პასპორტებზე” ერთმანეთს ინფორმაცია გაუზიარონ, დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი ჩაატარონ და გამჭვირვალობა გაზარდონ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ