„ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონებში ცვლილებები შედის. ცვლილებები ძირითადად ვადების ცვლილებას უკავშირდება, ვინაიდან იქამდე არსებული კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ვერ შესრულდა.
როგორც „ბიზნესპრენიუსთან“ "ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი აღნიშნავს. ვერ მოესწრო ენერგოაუდიტორებისა და ენერგოსერტიფიცირების წესის დამტკიცება, ასევე, ენერგო პროფესიონალებისთვის სასწავლო პროგრამების დანერგვა.
კანონში ამჟამად შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი პუნქტი ეხება მოსახლეობასაც. კერძოდ, აბულაშვილის თქმით, მოსახლეობას სერტიფიცირების ვალდებულება ექნება. წინა კანონშიც იყო იგივე გათვალისწინებული, თუმცა ვადები გადაიწია. მანვე განმარტა, რა განსხვავებაა ენერგოაუდიტსა და ენერგოსერტიფიკატებს შორის.
„მოსახლეობას ექნება სერტიფიცირების ვალდებულება. შენობის აუდიტი უფრო რთული და სიღრმისეული ანალიზია, ხოლო ენერგოსერტიფიცირება შედარებით მსუბუქი. ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი არის სისტემატიზებული ინფორმაცია ამა თუ იმ ნაგებობის ენერგო მოხმარების საფუძველზე ენერგო გადასახადების შესახებ. ვადის გადაწევით მას, ვინც უნდა გაყიდოს ბინა თუ ოფისი, აღარ ვავალდებულებთ, რომ ასეთი სერტიფიკატი მოამზადონ იქამდე, რითაც ავტომატურად ვთიშავთ ნებისმიერ მყიდველს, იცოდეს უფრო მეტი იმ ობიექტის შესახებ, რომელსაც ყიდულობს. ამიტომ, მე თუ მექნებოდა ამ საკითხში აზრის გამოთქმის საშუალება, ვადების გადაწევას არ დავეთანხმებოდი. რაოდენობრივად ჩვენ უფრო მეტს ვაზარალებთ ვადის გადაწევით, ვიდრე ვასარგებლებთ. ჩემი აზრით, წამოწეულია იმ დეველოპერების და ბიზნესები ინტერესები, რომლებიც ბევრ შენობას აშენებენ და ბევრს ყიდიან, ვიდრე უძრავი ქონების ბაზარზე არსებული უფრო დიდი ჯგუფის, მყიდველის ინტერესი“, - განაცხადა გიორგი აბულაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს როდესაც მოქალაქე ყიდულობს ბინას, არ იცის, სამომავლოდ მას რა ენერგეტიკული ხარჯები ექნება.
„რეალურად არ ვიცით, რას ვყიდულობთ - ვყიდულობთ ვიზუალს, რემონტს, ესპანურ მეტლახს, მაგრამ არ ვიცით მისი სამომავლო ენერგეტიკული ხარჯები იმიტომ, რომ არ ვიცით ამ შენობის შესახებ ენერგოსერტიფიკატში რა ინფორმაციაც უნდა იყოს პროფესიონალების მიერ გაანალიზებული - რამდენ ენერგიას მოიხმარს და რამდენს გადავიხდით ზამთარში“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება სამშენებლო ხარჯებს, აბულაშვილის თქმით, ენერგოეფექტურობის კანონებში შესატანი ცვლილებები კომპანიებს სამშენებლო ხარჯებს გაუზრდის, თუმცა არა მნიშვნელოვნად. მისივე თქმით, შედეგად შენობების თვითღირებულება (არა გასაყიდი ფასი) 5-8%-ის ფარგლებში გაიზრდება.
იხილეთ ასევე: „ცოტა მეტი დაჯდება რემონტი“ - გაზრდის თუ არა შენობების ენერგოეფექტური მოწყობა საბიუჯეტო ხარჯებს
„შემოვა ახალი პროფესია“ - რომელ საწარმოებში განხორციელდება სავალდებულო ენერგოაუდიტი?