რატომ იხოცებიან ფუტკრები რაჭაში - ასოციაციის განმარტება

სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", რაჭის ჯგუფში ფეისბუქ-მომხმარებლები ფუტკართა კვდომის ფაქტებზე წერენ და აცხადებენ, რომ შემთხვევათა უმეტესი ნაწილი ზემო რაჭაში ხდება.

როგორც მეფუტკრეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, ამის მიზეზი, დიდი ალბათობით, ვაროას ტკიპაა.

„ფუტკრის 10-15% თავისი ბუნებრივი სიკვდილით მაინც იღუპება. რაც შეეხება ამ ფაქტს, ჩემი აზრით, აქ მეფუტკრეების უყურადღებობაა მთავარი მიზეზი და გეტყვით ახლა, რატომ:

მეფუტკრეები არ ახდენენ ვაროას ტკიპის მონიტორინგს და ფუტკართა კვდომის მიზეზიც სწორედ ეს არის. ეს დაავადება ჩვენთან 1970 წლიდანაა, მაგრამ დროთა განმავლობაში მან შეიცვალა თავისი ქცევები, მიდგომები, ადაპტირდა პრეპარატზე, რომელსაც მის წინააღმდეგ იყენებენ, რეზისტენტობა გამოხატა და შესაბამისად, იმდენად ეფექტური აღარ არის.

ამიტომ, საჭიროა მეტი ყურადღება მეფუტკრეს მხრიდან და აუცილებელია მიდგომების შეცვლა. ეს არის მთავარი. მარტო წამლის ჩასხმა ამ პრობლემას არ აგვარებს“ - განაცხადა ალეკო პაპავამ.

ვაროა წარმოადგენს ძირითად მავნებელს მეთაფლია ფუტკრებისთვის. არსებობს რამდენიმე სახეობის ვაროას ტკიპა, თუმცა Varroa destructor წარმოადგენს ტკიპას იმ სახეობას, რომელიც მნიშვნელოვან ზარალს აყენებს მეთაფლია ფუტკრის ოჯახებს.

საქართველოში ვაროას ტკიპა პირველად 1970 წელს დაფიქსირდა.

ეკა დარჩიაშვილი