2024 წლის მარტში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.40 ლარი შეადგინა. ინდექსი წლიურად (2023 წლის მარტთან შედარებით) 1.8%-ით, თვიურ ჭრილში (2024 წლის თებერვალთან შედარებით) კი 6.4%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ ინფორმაციას ISET აქვეყნებს.
გასული წლის მარტთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხაჭაპურის შემდეგი ინგრედიენტების ფასები: კარაქი (+12.2%), რძე (+10.9%) და საფუარი (+14.9%). ამავდროულად, დაფიქსირდა ფასების კლება ინგრედიენტების ნაწილისთვის: ყველი (-5.7%), კვერცხი (-0.7%) და ფქვილი (-0.6%).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში ხაჭაპურის ინდექსი შემცირდა როგორც წლიურ, ისე თვიურ ჭრილში, რაზეც ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ყველის ფასის ვარდნამ მოახდინა. ყველის ფასი გასულ თვესთან შედარებით 10.7%-ით, გასულ წელთან შედარებით კი 5.7%-ით შემცირდა.
2024 წლის თებერვალთან შედარებით ხაჭაპურის ინდექსის ვარდნა განპირობებულია ადგილობრივი რძის წარმოების სეზონურობით. აღნიშნულის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი მარხვა, რომელიც 18 მარტს დაიწყო. ამ პერიოდში ყველისა და რძის პროდუქტების ფასები ეცემა, რადგან მარხვისას მათზე მოთხოვნა მცირდება. რაც შეეხება ხაჭაპურის ინდექსის წლიურ შემცირებას, როგორც უკვე აღინიშნა, ეს ცვლილებაც მეტწილად ყველის ფასების წლიურმა კლებამ განაპირობა, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ბოლო წლებში საქართველოში ადგილობრივი რძის წარმოების ზრდის ტენდენციებთან.
თვიურ ჭრილში ყველის ფასების კლება, რაც გახდა ხაჭაპურის ინდექსის შემცირების ძირითადი ფაქტორი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო თბილისში (-15.6%), შემდეგ – ბათუმსა (-13.8%) და ქუთაისში (-13.3%). თელავში ყველის ფასები წინა თვესთან შედარებით უცვლელი დარჩა. მოსალოდნელია, რომ ხაჭაპურის ინდექსის სეზონური კლება გაგრძელდება, რადგან ყველის ფასების ვარდნა, სავარაუდოდ, საქართველოს ყველა რეგიონში გავრცელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.