აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრეზიდენტი, ბადრი გუნბა და ენერგეტიკისა და ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრი, ჯანსუხ ნანბა გულრიფშის რაიონის სოფელ ბაბუშერას წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგა, რაც აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან მოქალაქეების გასახლება იგეგმება. კერძოდ, თუ აეროპორტის საზღვრები გაფართოვდება, ადგილობრივ მცხოვრებლებს სხვა ადგილებზე გადასვლა მოუწევთ. მოსახლეობა მათ გადასახლებას აპროტესტებს. ისინი აცხადებენ, რომ სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლას კომპენსაციის შემთხვევაშიც არ დათანხმდებიან.
შეხვედრაზე სოფლის წარმომადგენლებმა ბადრი გუნბას განუცხადეს, რომ “სახელმწიფო ინტერესები რიგითი მცხოვრებლების ინტერესების შელახვით რეალიზდება,“ თუმცა აღიარებენ პროექტის მნიშვნელობას რეგიონის განვითარებისთვის და ამიტომ საპროტესტო აქციების მოწყობას არ აპირებენ, რომელიც შესაძლოა, აეროპორტის მშენებლობის საწინააღმდეგო პოზიციაად იქნეს აღქმული.
ბადრა გუნბას თქმით, ხელისუფლებას „განზრახული აქვს, მოუსმინოს ყველა მცხოვრებს და ყველა საკითხს ყურადღებით და ინდივიდუალურად მიუდგეს.“
თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც წერია, რომ “მოსახლეობის უფლებები და ინტერესები დაცული იქნება და ასეთი მასშტაბური და ზოგადეროვნული პროექტი ეროვნული კანონმდებლობის ნორმების შესაბამისად განხორციელდება, რაც მფლობელების უფლებების დაცვასა და თითოეული მოსახლის ინტერესების რეალიზებას უზრუნველყოფს.“
ცნობისთვის: რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის პროექტში ინვესტიციები 12 მლრდ რუბლს (130,1 მლნ დოლარს) შეადგენს, ხოლო პირველი საცდელი რეისი რუსეთიდან სოხუმის აეროპორტში წელს შესრულდება. მთლიანობაში, წელს რუსეთმა აფხაზეთს დადებული ე.წ. ორმხრივი სამთავრობათაშორისი ხელშეკრულებების რეალიზებისთვის 5,6 მლრდ რუბლის (61 მლნ დოლარამდე) ფინანსური დახმარება გამოუყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ