ყველა, ვინც ნაქირავები კატალიზატორით გადის ტექინსპექტირებას, ბავშვებს წამლავს - ამის შესახებ ტექინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ განაცხადა.
მისივე თქმით, მანქანის გამართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოდ გადაადგილებაში და ავტოსაგზაო შემთხვევების თითქმის 20%, სწორედ მათი გაუმართაობის გამო ხდება.
„ავტოსაგზაო შემთხვევების 20% დაუდგენელი მიზეზით ხდება და ყველა მათგანს არც იძიებენ, მაგრამ მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ავარიების 15% მაინც არის ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილების ბრალი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა და საინფორმაციო კამპანიები ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება ინსპექტირების შესახებ“, - ამბობს დავით მესხიშვილი.
ამის გარდა, მესხიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებული ტექინსპექტირების ცენტრები არათანაბარი ძალისხმევით მუშაობენ. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად მკაცრია, ზოგიერთი კი ლოიალური, საბოლოოდ კი ისეც ხდება, რომ ავტომობილების მეპატრონენი ავტონაწილებს ქირაობენ, გადიან ინსპექტირებას და შემდგომ ისევ გაუმართავი ავტომობილებით გადაადგილდებიან.
„რომელიღაც ინსპექტირების ცენტრი შეიძლება იყოს ძალიან მკაცრი, ხოლო მეორე ძალიან ლოიალური. ერთგან შეიძლება ავტომობილი „დაბრაკონ“, ხოლო მეორეგან გაატარონ. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ადამიანები მანქანის ნაწილებს ქირაობენ. მაგალითად, ქირაობენ საბურავებს, კატალიზატორებს, საწვავში ურევენ სხვადასხვა ფხვნილებსა და ნივთიერებებს, რომელიც უმატებს ოქტანობას და CO-ს ნაკლებად გამოყოფს. ეს ყოვლად დაუშვებელია. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კატალიზატორს ქირაობს, ავტომატურად წამლავს ბავშვებს.“, - აღნიშნა ინსპექტირების ასოციაციის პრეზიდენტმა.
დავით მესხიშვილი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ინსპექტირება არ არის ის პროცესი, რომელიც მძღოლებს დასდევს და სჯის. ტექნიკური გამართულობა ნიშნავს საგზაო მოძრაობისა და მგზავრების დაცულობას. ამასთან ერთად, მისი აზრით, თბილისში არსებული 4-5 ავტომობილი, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში ავტომობილთა CO-ს ამოწმებს, არ არის საკმარისი და მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
„პირველ რიგში, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ინსპექტირება არ არის მათი დამსჯელი ხელსაწყო. ეს აუცილებელი პირობაა უსაფრთხო გადაადგილებისთვის. ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს გზებზე კანონის აღსრულების მიმართულებით. ავტონაწილების ქირაობასთან და მსგავს მანიპულაციებთან ბრძოლის მთავარი საშუალება სწორედ კანონის აღსრულებაა, მაგრამ თბილისში არსებული 4-5 ავტომობილი, რომელიც სხვა მანქანების CO-ს ამოწმებს, არ კმარა. ეს საპილოტე პროექტად იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი გაფართოვდება, ვინაიდან თბილისში ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.