მძიმე სამუშაო ბაზარსა და მღელვარე გლობალურ ეკონომიკაში, ქალები მრავლად ეძებენ სამუშაო ადგილებს. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქვეყნებში ქალები უფრო მეტად ეძებენ სამუშაო ადგილებს, ვიდრე მამაკაცები.
BBC-ის ინფორმაციით, გლობალური დასაქმების პროგრამული პლატფორმა iCIMS-ის 2024 წლის მარტის ანგარიში აჩვენებს, რომ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, უფრო მეტი ქალი მიმართავდა კომპანიებს სამსახურის თხოვნით, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში.
ანალიზმა, რომელმაც 2023 წელს 200 მილიონზე მეტი განაცხადი განიხილა, აჩვენა, რომ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში არსებული განაცხადების ავტორთა 52%-ს ქალები წარმოადგენდნენ, ხოლო ჩრდ. ამერიკაში ეს მაჩვენებელი 50%-ს უტოლდება.
სტატისტიკურად მცირე, სულ 2%-იანი განსხვავებაა, მაგრამ იგი მიუთითებს მნიშვნელოვან ტენდენციებზე გლობალური სამუშაო ბაზრისა და ეკონომიკის სფეროში.
iCIMS-ის სამუშაო ძალის გლობალური ხელმძღვანელი, რეა მოსი ამბობს, რომ ქალთა ასეთი სიჭარბე ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გამოწვეულია სოციალური ნორმებითა და ეკონომიკური პოლიტიკით.
აღსანიშნავია ისიც, რომ სამუშაო ადგილის გენდერული ბალანსის მიმართ მთელს მსოფლიოში ძალიან განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს.
„წლების განმავლობაში, ევროპელმა დამსაქმებლებმა გააცნობიერეს თავიანთი სამუშაო ადგილებში გენდერული ბალანსის მნიშვნელობა, ამიტომ მათი ინიციატივები და პოლიტიკა ორიენტირებულია სათამაშო მოედნის გათანაბრებაზე. ამან კი წაახალისა კიდევ უფრო მეტი ქალი სამუშაოს დასაწყებად.“, - ამბობს რეა მოსი.
ყველაზე დიდი ფაქტორი კვლავ გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაა. ევროპაში ცხოვრების ღირებულება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში, ამიტომ უფრო მეტი ქალი იწყებს მუშაობას, რათა გადარჩნენ ფინანსურად. ევროპაში რთული გახდა ოჯახის ერთი შემოსავლით რჩენა და ამის შესახებ უკვე ყველა ხმამაღლა საუბრობს.
ევროპის კონტინენტის უმეტეს ნაწილზე, ზოგადად, უფრო მეტი ქალი მუშაობს, ვიდრე კაცი. მაგალითად, აშშ-ის შრომით ბაზარზე ქალების მონაწილეობა დაახლოებით 56%-ს შეადგენს, ხოლო საფრანგეთში ეს რიცხვი 8%-ია. ევროპული სამუშაო ბაზარი ასევე ნაკლებად სტაბილურია, ვიდრე ჩრდილოეთ ამერიკაში.
მოსახლეობის დემოგრაფია ასევე გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენი დასავლეთ ევროპელი ქალი ეძებს სამუშაოს. სხვადასხვა ექსპერტი თვლის, რომ თუ ეს ფაქტორები კვლავ იარსებებენ სამომავლო პერსპექტივაში, მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქალთა რაოდენობა სამუშაო ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება.