საქართველოში უცხოელების კურიერად დასაქმების საკითხი უკვე დიდი ხანია, რაც ამ სფეროში მომუშავე ქვეყნის მოქალაქეებისთვის მეტად აქტუალურია, მაგრამ აღნიშნულ საკითხზე თითქმის არავინ საუბრობს.
„ბიზნესპრესნიუსი“ თბილისში მომუშავე ქართველ კურიერებს ესაუბრა და გაარკვია, რომ მათ ძალიან ხშირად უწევთ უცხოელებთან ერთად მუშაობა და მათი დახმარება, ვინაიდან ენის არცოდნის გამო, ძალიან უჭირთ შეკვეთის სწორ მისამართზე მიტანა და ხშირად იკარგებიან.
„საქართველოში მომუშავე უცხოელი კურიერების უმეტესობამ ჩვენი ენა თითქმის არ იცის. უმეტეს შემთხვევებში უჭირთ სწორ მისამართზე შეკვეთის მიტანა და იკარგებიან, ამიტომ თუ შეგვიძლია, ვეხმარებით ხოლმე“, - ამბობს ერთ-ერთი საერთაშორისო საკურიერო კომპანიის კურიერი „ბიზნესპრესნიუსთან“.
ამის გარდა, ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ეროვნების ადამიანი იწყებს კურიერად მუშაობას და ისინი მზად არიან, რომ ნებისმიერი შეკვეთა, ნებისმიერი ანაზღაურების სანაცვლოდ მიიტანონ სხვადასხვა ლოკაციაზე, რაც ხელს უშლის ქართველ კურიერებს მუშაობაში.
„კურიერებად მუშაობენ ინდოელები, რუსები, უკრაინელები, ყაზახები, აზერბაიჯანელები, თურქმენებიც კი. ინდოელების მუშაობის სტილი განსაკუთრებით განსხვავებულია. როდესაც ქართველი არჩევს, სად და როგორ წაიღოს შეკვეთა, ისინი ყველა შეკვეთას იღებენ, შედეგად, რამდენიმე თვეში ახალ მოპედებსაც ყიდულობენ. ხშირად ინდოელი გოგონებიც შემინიშნავს კურიერებად. საბოლოოდ, იმ პირობებში, როდესაც ისედაც არაა მუშაობა, უფრო რთული ხდება თანხის გამომუშავება“, - ამბობს რესპონდენტი.
კურიერები ამბობენ, რომ უცხოელების დიდი ნაწილი მართვის მოწმობის გარეშე მოძრაობს და ამასთან დაკავშირებით, პოლიცია არაფერს აკეთებს.
„უცხოელი კურიერები ბასლაინზეც დადიან, თანაც უმეტესობას მართვის მოწმობა არც აქვს, არც ქართული და არც თავიანთი ქვეყნის, მაგრამ პოლიცია როდესაც აჩერებს, ვერაფერს აკეთებს და ჩვეულებრივ უშვებს.“, - განაცხადა ქართველმა კურიერმა.
„ბიზნესპრესნიუსი“ ქართველების გარდა, თავად უცხოელ კურიერს, თურქმენეთის მოქალაქეს ესაუბრა, რომელიც ძალიან კმაყოფილია საქართველოში მუშაობით, დღეში საშუალოდ 120-140 ლარს გამოიმუშავებს, თურქეთში სწავლის ფულს აგროვებს, ცხოვრობს 3 თანამოქალაქესთან ერთად, აქვს თურქმენეთის მართვის მოწმობა და აღნიშნავს, რომ საქართველო მისი ქვეყნის ახალგაზრდებისთვის საკმაოდ პოპულარული ხდება, რადგან აქ ფულის შოვნა შედარებით მარტივია.
„საქართველოში 4 თვის წინ ჩამოვედი, ჩემს 3 მეგობართან ერთად ვცხოვრობ, სწავლის ფულს ვაგროვებ თურქეთში სასწავლებლად. საშუალოდ დღეში 120-140 ლარს ვშოულობ. მხოლოდ 6-8 საათს ვმუშაობ, მაგრამ ჩემი მეგობრები 16 საათსაც კი მუშაოვენ და 180-200 ლარს გამოიმუშვებენ. თურქმენეთის მართვის მოწმობით დავდივარ და პრობლემა არასდროს შემქმნია. თურქმენეთში საქართველო პოპულარულია, ახალგაზრდები ფიქრობენ, რომ აქ მარტივად იშოვიან ფულს, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ჩამოდის“, - ამბობს თურქმენეთის მოქალაქე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში.