საქართველოში ბანკებთან დაკავშირებით მრავალი მოსაზრება არსებობს და საზოგადოების დიდი ნაწილი თვლის, რომ უკიდურესი საჭიროების გარეშე, საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა არ ღირს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ადვოკატი რაულ აბიკიანი რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ამბობს, რომ საქართველოში ბიზნეს-სამართლებრივი განათლების სერიოზული პრობლემაა და ბევრ ადამიანს ბანკზე არასწორი წარმოდგენა აქვს.
„ფინანსური ინსტიტუტები, მათი ინტერესებისამებრ ახდენენ ხოლმე ცვლილებებს, რა თქმა უნდა, ორივე მხარე უნდა იყოს კონკრეტულ ცვლილებაზე თანახმა. შესაბამისად, არსებობს მექანიზმები, რომ ფინანსური ინსტიტუტები გონივრულ შეთავაზებაზე დავითანხმოთ. თუ მაგალითად, ადამიანმა დაკარგა სამსახური და ითხოვს საშეღავათო პერიოდს, შეიძლება საუბარი წავიდეს ჯარიმის შემცირებაზე, გარკვეულ პერიოდში შეღავათის გაკეთებაზე და ა.შ.“, - აღნიშნავს ადვოკატი.
ამის გარდა, რაულ აბიკიანი აღნიშნავს, რომ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ და თუ ვერ ახერხებენ სესხის გადახდას, აუცილებლად უნდა გამოიყენონ არსებული ბერკეტები, ხოლო ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი კრედიტინფოს „შავ სიაშია“ მოხვედრილი, მას კიდევ უფრო მეტი რამის გაკეთება შეუძლია.
„194 ათასზე მეტი ადამიანი ვერ იხდის აღებულ ვალს, ეს პიროვნებები კრედიტინფოს „შავ სიაში“ ხვდებიან და ფინანსური ინსტიტუტები მათ სესხზე უარს ეუბნებიან. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ტელეფონის არ აღებამ, როდესაც ბანკი ცდილობს ადამიანთან დაკავშირებას, ძალიან ცუდია და ეს ფინანსური ინსტიტუტის მხრიდანაც ცუდად ფასდება. კრედიტინფო არის ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში და თუ მიგვაჩნია, რომ ჩვენი მონაცემები შეუსაბამოდაა დამუშავებული, შეიძლება მოვითხოვოთ მონაცემების კორექტირება, მაგრამ ამისთვის ფინანსურ ინსტიტუტს უნდა მივმართოთ.
ასევე არის შემთხვევები, როდესაც სესხის აღებიდან 10 წელია გასული, მაგრამ ფინანსური ინსტიტუტი კვლავ გვთხოვს სესხის დაფარვას, ამ შემთხვევაში უნდა მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ სესხების აღიარება“, - განაცხადა რაულ აბიკიანმა „რადიო პალიტრის“ ეთერში.