საქართველო მიეკუთვნება იმ განვითარებად ქვეყნებს, სადაც შესაძლებელია როგორც ახალი სტარტაპების შექმნა, ასევე, მოწინავე ქვეყნების სტარტაპ იდეების ჩვენს ქვეყანაზე მორგება და დახვეწა.
გური ქოიავა, აქსელისა და სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი ამ საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, ტექნოლოგიური სტარტაპების მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, ვინაიდან საქართველო ჩამორჩება როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებს, ასევე, მეზობელ სახელმწიფოებს:
‘’ახალი სტარტაპ იდეის სრულფასოვან განვითარებას ინვესტიციები, დაფინანსებები და მრავალი სხვა ფაქტორი განაპირობებს. მოცემული საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს და ენერგიას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი რეგიონის ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა, სომხეთი თუ თურქეთი ამ მიმართულებით მუშაობა დიდი ხანია დაიწყეს და საგრძნობლად მეტი რესურსი ჩადეს სტარტაპების განვითარებაში. იმისათვის, რომ საქართველო რეგიონის მოწინავე ქვეყანა, ტექნოლოგიური და ინოვაციური ჰაბი გახდეს აუცილებელია შესაბამისი სტარტაპ იდეების აღმოჩენა და მხარდაჭერა. პროცესს ძალიან დააჩქარებს განვითარებული ქვეყნების წარმატებული სტარტაპების შესწავლა, მათი იდეების ‘’გადმოქართულება’’ და ჩვენი ქვეყნის საჭიროებების გათვალისწინებით განვითარება’’ - გური ქოიავა
გარდა ამისა, რესპოდენტი ‘’ბიზნესპრესნიუსთან’’ აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არსებული სახელმწიფო თუ კერძო გრანტები არ არის საკმარისი და ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნებს. მაშინ როდესაც ესტონეთში 100-მდე ორგანიზაცია თუ სხვა ტიპის საგრანტო პროგრამა არსებობს, საქართველოში ასეთი სულ რამდენიმეა.
‘’ამ ეტაპზე 400 სტარტაპიდან მხოლოდ 1-2-ის დაფინანსება შეგვიძლია. აუცილებელია, ქვეყანაში გავზარდოთ ქართველი თუ უცხოელი ინვესტორების რაოდენობა. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიამ ინვესტორთა დიდი რაოდენობა ჩატარებული Web3 ღონისძიებით მოიზიდა, სადაც სტარტაპერს ჰქონდა შესაძებლობა, შეხვედროდა ინვესტორს, ინვესტორი თანადამფუძნებელს და ა.შ. საქართველოში ამ ნიშის დაკავება შესაძლებელია. პორტუგალიის მაგალითზე დაყრდნობით, საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ღონისძიებები ადგილობრივ სტარტაპებსა და მეწარმეებს უცხოური კაპიტალის მოზიდვაში დაეხმარება. მართალია, ამ საკითხზე ზრუნვა გარკვეულწილად უკვე დაგვიანებულია, თუმცა არსებული ვითარების გამოსწორების უმნიშვნელოვანეს გზას წარმოადგენსს.’’ - გური ქოიავა
საბოლოოდ, გური ქოიავას აზრით, სიტუაციის გამოსწორება დიდი ღონისძიებების გამართვასთან ერთად, დიდი ინვესტიციების მოზიდვით და თანხის ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში ჩადებით შეიძლება.
‘’ქვეყნის სიყვარული და ჩვენი პატრიორიზმი დღევანდელ რეალობაში სწორედ ტექნოლოგიური სტარტაპების ხელშეწყობაში შეგვიძლია გამოვხატოთ. ეს საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია; ეს არის მომავალი, რისი ხელშეწყობაც ჩვენი ვალდებულებაა. მიმაჩნია, რომ ქვეყნის გავლენიანმა პირებმა, კომპანიებმა, კორპორაციებმა, სახელმწიფო თუ კერძო სექტორმა თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში და კაპიტალი სწორედ აქ დააბანდოს. ამ მიმართულებით მუშაობის დღეს დაწყება, შედეგს 5-10 წლის შემდეგ მოგვცემს და გაგვიჩენს შესაძლებლობას, რომ გარკვეულწილად დავეწიოთ მსოფლიო ბაზარს. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ ექსპერიმენტების დაწყებას სტარტაპების მიმართულებით; უშუალოდ ახალი წამოწყებების და არა უკვე მსოფლიო ბაზარზე გამოცდილი და წარმატებული სტარტაპ იდეების მხარდაჭერას.’’ - გური ქოიავა