თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, მაღაზია "ბეთლგრაუნდი"-ის სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, გარდაცვლილია 2 და დაშავებულია 4 მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს ავრცელებს.
"ბეთლგრაუნდი", რომელიც შპს Global Defense Group-ის მფლობელობაშია, ტაქტიკური მულტიფუნქციური ცენტრია, რომელიც მოიცავს 25 მეტრიან სასროლეთს, ტაქტიკური ტანსაცმლისა და აქსესუარების, ასევე, იარაღის მაღაზიას.
Battleground-ის საშუალებით, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ გაიარონ საცეცხლე მომზადების 3 - 6 დღიანი კურსი და მონაწილეობა მიიღონ სროლის ტურნირებში.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს Global Defense Group 2013 წელს დაფუძნდა და კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სპეციალური დანიშნულების ტანსაცმლითა და აქსესუარებით, იარაღითა და თავდაცვითი დანიშნულების სხვა აქსესუარებითა თუ მოწყობილობებით ვაჭრობა.
ბოლო ამონაწერის მიხედვით, Global Defense Group-ის მფლობელი და დირექტორი იაკობ ბერიძეა.